ვიეტნამმა 2023 წელს გლობალურ ყავის ექსპორტში მეორე ადგილი პირველად დაიკავა. ქვეყანამ, წინა წელთან შედარებით, ექსპორტი 1,5-ჯერ, 4,2 მლრდ დოლარამდე გაზარდა, რაც რეკორდული ოდენობაა.
ამასთან, ვიეტნამმა ყავის მარცვლის ტრადიციულ მიმწოდებლებს გადაუსწრო, როგორიც არის შვეიცარია, რომელიც მსოფლიო რეიტინგში მესამე ადგილამდე ჩამოქვეითდა.
რეიტინგის უდავო ლიდერად ბრაზილია რჩება, რომლის ექსპორტის მოცულობაც 7,35 მლრდ დოლარს შეადგენს. თუმცა ქვეყნის მაჩვენებლები წლიური თვალსაზრისით 14%-ით შემცირდა.
ვიეტნამის გარდა, 2023 წელს ყავის ექსპორტი ესპანეთმა და საფრანგეთმაც გაზარდეს, ხოლო ბაზრის სხვა მსხვილი მოთამაშეების, გვატემალას, ინდონეზიის, ნიკარაგუას და ინდოეთის მიწოდება, პირიქით, შემცირდა.
თუმცა ყავის ეროვნული ასოციაცია წელს ვიეტნამში წარმოების შემცირებას პროგნოზირებს. ასოციაციის ცნობით, ქვეყანა გვალვას ებრძვის და ნალექის რაოდენობა რეგიონში 10-წლიანი დიაპაზონის ქვედა ზღვარზეა. ამდენად, ყავა რობუსტას გლობალური მიწოდება სექტემბრისთვის 20%-ით შემცირდება და, დაახლოებით, 1,67 მლნ ტონას შეადგენს.
ცნობისთვის: წლის დასაწყისიდან ბირჟაზე ყავის ფასი უკვე 30%-ზე მეტად გაიზარდა. აპრილის დასაწყისში Bloomberg წერდა, რომ ესპრესოსა და ხსნადი სასმელების ყავა რობუსტაზე საბირჟო ფასებმა 16-წლიან მაქსიმუმს მიაღწია.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ