დუბაი მსოფლიოში უდიდეს აეროპორტს აშენებს

დუბაი აეროპორტის მასშტაბურ გაფართოებას გეგმავს, რომ ამჟამინდელ საერთაშორისო ჰაბს ხუთჯერ აღემატებოდეს. ინფორმაციას Business Insider ავრცელებს.

საემიროს მმართველი, შეიხ მუჰამედ ბინ რაშიდ ალ-მაქტუმი სოციალურ ქსელ X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში წერს, რომ განახლებული ალ-მაქტუმის საერთაშორისო აეროპორტის გამტარუნარიანობა 260 მლნ მგზავრამდე გაიზრდება და მსოფლიოში ის უდიდესი იქნება.

„ჩვენ ახალ პროექტს მომავალი თაობებისთვის ვაშენებთ და ჩვენი შვილებისთვის და მათი შვილებისთვის უწყვეტ და სტაბილურ განვითარებას უზრუნველვყოფთ. დუბაი მსოფლიოს აეროპორტი, პორტი, მისი ურბანული და გლობალური ცენტრი გახდება,” - წერს შეიხი.

შედარებისთვის: 2023 წელს მსოფლიოს ყველაზე დატვირთული აეროპორტი ჰარტფილდ-ჯექსონ ატლანტის საერთაშორისო აეროპორტი იყო, რომლის გამტარუნარიანობა 104,6 მლნ მგზავრს შეადგენდა.

ამჟამად საერთაშორისო ფრენების უმეტესობა დუბაის საერთაშორისო აეროპორტიდან სრულდება, რომელსაც 2023 წელს, დაახლოებით, 87 მლნ მგზავრი ეწვია.

თუმცა, შეიხის ცნობით, მოდერნიზების შემედეგ ყველა ოპერაციას ალ-მაქტუმის ობიექტზე გადაიტანენ, სადაც ხუთი პარალელური ასაფრენი ბილიკი და 400 გასასვლელი მოეწყობა.

10 წლიანი მშენებლობის ღირებულება 128 მლრდ დირჰამს, ანუ 35 მლრდ დოლარს შეადგენს. ამასთან, შეიხი წერს, რომ საემირო “აეროპორტის ირგვლივ მთელ ქალაქს ააშენებს,“ სადაც მილიონი ადამიანის დასახლებას პროგნოზირებს.

ცნობისთვის: ალ-მაქტუმის საერთაშორისო აეროპორტი, რომელიც, ასევე, ცნობილია, როგორც Dubai World Central, 2010 წელს ერთი ტერმინალით გაიხსნა. დუბაის საერთაშორისო აეროპორტის მსგავსად, მას ორი ასაფრენი ბილიკი აქვს, მაგრამ გაცილებით ნაკლებად გამოიყენება.

აეროპორტი დაპროექტდა, როგორც სამხრეთ დუბაის ცენტრალური ეკონომიკური ზონა, რომელიც მიზნად ისახავს, 55 კვადრატული მილის ფართობზე მილიონ მცხოვრებს უმასპინძლოს და 500,000 სამუშაო ადგილი უზრუნველყოს.

აეროპორტის გაფართოების ინიცატივა მას შემდეგ გაჩნდა, რაც დუბაიში საჰაერო მგზავრობა პანდემიამდელ დონეს დაუბრუნდა და 2023 წელს მას 17,15 მლნ უცხოელი ტურისტი ეწვია.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ