ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ვახტანგ ცინცაძის განცხადებით, ეკონომიკურ ზრდაში მნიშვნელოვანი პოზიტიური წვლილი შეიტანა დამამუშავებელი მრეწველობის, ინფორმაციისა და კომუნიკაციის, პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობებისა და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობების სექტორებში ეკონომიკური აქტივობის ზრდამ.
ამ განცხადებით ცინცაძე „საქსტატის“ მონაცემებს გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც 2024 წლის მარტში ეკონომიკურმა ზრდამ 8.2% შეადგინა, ხოლო პირველ კვარტალში ეკონომიკური ზრდის საშუალო მაჩვენებელი 7.8%-ს გაუტოლდა.
მინისტრის მოადგილემ ეკონომიკური ზრდის ხელშემწყობ ფაქტორებად დაასახელა ქვეყანაში საინვესტიციო აქტივობის ზრდა და ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი, რომელმაც 2024 წლის პირველ კვარტალში რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია.
„საერთაშორისო სავალუტო ფონდის აპრილის თვის პროგნოზის მიხედვით, საქართველოს 2024 – 2029 წლებში ექნება ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა როგორც რეგიონის, ისე ევროკავშირის კანდიდატ და ზოგადად ევროპის ქვეყნებს შორის. აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობის ძირითად მიზანს მაღალი ეკონომიკური ზრდის შენარჩუნება წარმოადგენს. შედეგად, საქართველოს მთავრობა მაქსიმალურად ხელს უწყობს ქვეყანაში კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის წახალისებას, რაც, საბოლოო ჯამში, დამატებით სამუშაო ადგილების შექმნაში, მოსახლეობის შემოსავლების ზრდაში, სიღარიბის შემცირებასა და ცხოვრების დონის გაუმჯობესებაში აისახება“,- განაცხადა ცინცაძემ.