ელექტრომობილების გაყიდვები გაიზრდება, თუმცა გამოწვევა ხელმისაწვდომობაა - IEA-ს პროგნოზი

წელს ელექტრომობილების გაყიდვები მეტად გაიზრდება და ნავთობზე მოთხოვნას სულ უფრო შეამცირებს, ხოლო მომავალი ზრდის გარანტი ხელმისაწვდომობა და დამუხტვის ინფრასტრუქტურა იქნება. ამის შესახებ ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტო (IEA) Global Electric Vehicle Outlook-ში პროგნოზირებს, რასაც Reuters ავრცელებს.

კერძოდ, წელს ელექტრომობილების გაყიდვები 17 მილიონს მიაღწევს, მაშინ, როცა 2023 წელს 14 მილიონ ერთეულს შეადგენდა. IEA პროგნოზირებს, რომ მსოფლიოში გაყიდული ყოველი ხუთი ავტომობილიდან ერთზე მეტი ელექტრომობილი იქნება, ხოლო ამ გაყიდვებში 10 მილიონი ჩინეთის წილია.

ელექტრომობილების ათვისების ტემპის შედეგად საავტომობილო ტრანსპორტისთვის ნავთობზე მოთხოვნა პიკს, დაახლოებით, 2025 წელს მიაღწევს. თუ ქვეყნები ენერგეტიკულ და კლიმატის გაცხადებულ პოლიტიკას სრულად გაატარებენ, 2030 წლისთვის ნავთობის მოთხოვნა დღეში, დაახლოებით, 6 მლნ ბარელით, ხოლო 2035 წლისთვის 11 მლრ ბარელით შემცირდება, რაც ნავთობზე მიმდინარე მთლიანი მოთხოვნის მეათედზე მეტია.

IEA წერს, რომ ინდუსტრიის ზრდის ტემპს ვიწრო მარჟა, აკუმულატორული ბატარეის ლითონზე არასტაბილური ფასები, მაღალი ინფლაცია და ზოგიერთ ქვეყანაში შესყიდვის სტიმულირების ეტაპობრივი გაუქმება განაპირობებს, თუმცა ელექტრომობილების გლობალური გაყიდვების მონაცემები კვლავ ძლიერია.

კერძოდ, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში გაყიდვები, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 25%-ით გაიზარდა. მართალია, ეს 2023 და 2022 წლების პირველი კვერტლების ურთიერთშედარების ანალოგიური მაჩვენებელია, მაგრამ მონაცემი ავტომობილების უფრო დიდ ბაზას მოიცავს.

IEA-ს პროგნოზით, მთლიან შესყიდვებში ელექტრომობილების წილი რეგიონების მიხედვით მნიშვნელოვნად იქნება განსხვავებული. კერძოდ, აშშ-ში ყოველი ცხრა ავტომობილის შესყიდვისას ერთი ელექტრომობილი იქნება, ევროპაში ყოველი ოთხიდან ერთი, ხოლო ჩინეთში ავტომობილების მთლიან შესყიდვებში ელექტრომობილების წილი, თითქმის, ნახევარი იქნება.

ევროპაში გაყიდვების ზრდას ხელს უშლის „ზოგადად, მსუბუქი ავტომობილების გაყიდვების სუსტი პერსპექტივა და ზოგიერთ ქვეყანაში სუბსიდიების ეტაპობრივი გაუქმება.“

ტრადიციულ მანქანებთან შედარებით ხელმისაწვდომობა სექტორის ზრდის მთავარ ფაქტორად რჩება, რა დროსაც ფასები რეგიონების მიხედვით კვლავ მნიშვნელოვნად განსხვავდება. მაგალითად, ევროპასა და შეერთებულ შტატებში შიდა წვის ავტომობილები, ელექტროანალოგებთან შედარებით, კვლავ უფრო ხელმისაწვდომია, მაშინ, როცა ჩინეთში გასულ წელს გაყიდული ელექტრომობილების, თითქმის, ორი-მესამედი ტრადიციულ ავტომობილებზე უფრო იაფი იყო.

IEA-ს შეფასებით, მზარდი მოთხოვნის დასამუხტი ინფრასტრუქტურით დაკმაყოფილება, ასევე, მთავარი გამოწვევაა, რადგან 2035 წლისთვის დამტენი ქსელები ექვსჯერ უნდა გაიზარდოს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ