საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ „ბიზნესპრესნიუსისთვის“ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, იგეგმება თბილისი-ნატახტრის გზის მოდერნიზაცია-მშენებლობა.
„ბიზნესპრესნიუსის“ ინფორმაციით, საუბარია თბილისი-ნატახტრის გზის გაფართოებაზე. საავტომობილო გზების დეპარტამენტში განგვიცხადეს, რომ მიმდინარეობს მოდერნიზაცია-მშენებლობისათვის საჭირო საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება.
„მიმდინარეობს საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძე (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ17-კმ28 მონაკვეთის (თბილისი-ნატახტარი) მოდერნიზაცია-მშენებლობისთვის საჭირო ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთებისა და დეტალური საპროექტო დოკუმენტაციის შედგენის სამუშაოები“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
კითხვაზე, გაფართოვდება თუ არა აღნიშნული გზა, უწყებაში გვიპასუხეს, რომ საპროექტო დოკუმენტაციის შემუშავებამდე დეტალებზე საუბარი არ შეუძლიათ. ამასთანავე, ჯერჯერობით უცნობია, როდის დასრულდება თბილისი-ნატახტრის მოდერნიზაცია-მშენებლობისთვის საჭირო ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთებისა და დეტალური საპროექტო დოკუმენტაციის შედგენის სამუშაოები.
„დეტალური საპროექტო სამუშაოების დასრულებამდე დეპარტამენტი მოკლებულია შესაძლებლობას, გასცეს გზის მარშრუტის შესახებ და სხვა თქვენს მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია“, - აზუსტებენ უწყებაში.