Masdar-მა ქართულ მხარესთნ აქციონერთა ხელშეკრულება გააფორმა - როდის აშენდება მზის უდიდესი ელექტროსადგური

არაბეთის გაერთანებული საემიროების კომპანია, Masdar-მა და საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდმა (GEDF), საქართველოში ყველაზე დიდი მზის ელექტროსადგურის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, აქციონერთა ხელშეკრულება გააფორმეს.

ინფორმაცაის თავად კომპანია ავრცელებს.

„საქართველოში მზის ენერგიის უმსხვილესი პროექტის რეალიზებისთვის Masdar-მა და GEDF-მა თანამშრომლობაში პროგრესს მიაღწიეს. მომავლის ენერგეტიკის მსოფლიო სამიტის ფარგლებში, რომელიც 16-18 აპრილს გაიმართა, მხარეებმა ხელი მოაწერეს აქციონერთა ხელშეკრულებას 100 მგვტ-მდე სიმძლავრის მზის ფოტოელექტროსადგურის მშენებლობაზე,” - წერს Masdar.

ამასთან, კომპანიაში განმარტავენ, რომ სპეციალური სამუშაო მექანიზმის შექმნით მხარეები პროექტის შემუშავების, საპროექტო სამუშაოების შესრულების, დაფინანსების, შესყიდვების, მშენებლობის, ექსპლუატაციისა და ტექნიკური მომსახურების ვალდებულებას იღებენ.

Masdar-მა და GEDF-მა ერთობლივი კომპანიის შექმნის შესახებ შეთანხმება ჯერ კიდევ 2023 წლის 26 დეკემბერს გააფორმეს, რომელიც საქართველოში მზის ელექტროსადგურის ყველაზე დიდ პროექტს განახორციელებს. შემდეგ ნაბიჯს საქართველოს მთავრობასთან მემორანდუმის გაფორმება და ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება წარმოადგენდა. კერძოდ, ელექტროსადგურის სიმძლავრე 96 მეგავატი, ხოლო სავარაუდო წლიური წარმოება 196,7 მლნ კვტ/სთ იქნება. პროექტის ღირებულება 80-100 მლნ დოლარად შეფასდა.

GlobalData, რომელიც მსოფლიოში 170 000-ზე მეტ ელექტროსადგურს აკონტროლებს და აპროფილებს, პროგნოზირებს, რომ გარდაბნის მზის ელექტროსადგურის მშენებლობა 2025 წელს დაიწყება, ხოლო კომერციულ ექსპლუატაციაში 2027 წელს შევა.

საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს შეფასებით, მზის ახალი ელექტროსადგური, რომელიც გარდაბნის მუნიციპალიტეტში აშენდება, იმპორტზე დამოკიდებულებას შეამცირებს და ელექტროენერგიის ადგილობრივი წყაროების დივერსიფიცირებას მოახდენს. უწყების ცნობით, პროექტი, ასევე, ხელს შეუწყობს განახლებადი ენერგიის განვითარებას, კლიმატური ცვლილების პრევენციასა და ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ქვეყნის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას.

ცნობისთვის: Masdar განახლებადი ენერგიისა და ურბანული განვითარების სფეროში გლობალური ლიდერია. კომპანია 40 ქვეყანაში მუშაობს, ხოლო მიმდინარე წლის იანვარში ქარის ენერგიის გლობალური საბჭოს (Global Wind Energy Council-GWEC) წევრი გახდა.

Masdar განახლებადი ენერგიის ობიექტების აშენების შესაძლებლობას მეზობელ აზერბაიჯანშიც სწავლობს, რომლის ჯამური სიმძლავრე 10 გიგავატი იქნება. აქედან ოთხ-ოთხი გვტ-იანი სადგურების მშენებლობაზე გეგმა უკვე დამტკიცებულია, რომლის მიხედვითაც, კასპიის ზღვასა და ხმელეთზე რამდენიმე ქარის ელექტროსადგური აშენდება.

ამასთან, 2023 წლის ოქტომბერში Masdar-მა ბაქოს გარადაღის რაიონში, აზერბაიჯანის მასშტაბით, თავისი პირველი ობიექტი, 230 მეგავატი სიმძლავრის მზის ელექტროსადგური ააშენა. პროექტის ღირებულებამ 262 მლნ დოლარი შეადგინა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ