შავი ზღვის პორტებიდან უკრაინის ექსპორტმა ომამდელ დონეს მიაღწია

გასულ ზაფხულს შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივიდან რუსეთის გასვლის შემდეგ უკრაინისა და საერთაშორისო პარტნიორების მიერ შექმნილი დროებითი საზღვაო მარშრუტით 1,300-მა გემმა ისარგებლა.

ამის შესახებ გაეროში უკრაინის მუდმივმა წარმომადგენელმა, სერგეი კისლიცამ განაცხადა, რასაც Ukrinform ავრცელებს.

მისი თქმით, უკრაინის სოფლის მეურნეობის პროდუქცია ალტერნატიული საზღვაო დერეფნის გავლით 40 ქვეყანას მიეწოდება, რაც მარცვლეულის ინიციატივის მთელი წლის საექსპორტო მოცულობას აღემატება.

მთლიანობაში, იუჟნის, ოდესისა და ჩერნომორსკის პორტებიდან უკრაინელი ფერმერების 25 მლნ ტონა პროდუქცია იქნა ექსპორტირებული.

კისლიცა განმარტავს, რომ ამ პორტებიდან ექსპორტმა ომამდელ დონეს მიაღწია.

”ჩვენ ყველა დერეფნის გამტარუნარიანობის გაზრდაზე თანმიმდევრულად ვმუშაობთ,” - აცხადებს კისლიცა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ