ხუმრობით შექმნილი ლუდის პარტია ავსტრიის საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადება

ავსტრიის ლუდის პარტია, რომელიც 2015 წელს ხუმრობით დაარსდა, მიმდინარე საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს. ამის შესახებ პარტიის ლიდერმა, დომინიკ ვლაცნიმ განაცხადა, რასაც Reuters ავრცელებს.

პარტია, რომელიც ექიმმა და როკმუსიკოსმა, დომინიკ ვლაცნიმ დააარსა, ხმების წართმევის გამო, განსაკუთრებით, მემარცხენე პარტიებისთვის რეალურ საფრთხეს წარმოადგენს. ეს მაშინ, როცა ულტრამემარჯვენეებს გამოკითხვებში აშკარა უპირატესობა აქვთ.

„დიახ, ლუდის პარტია მიიღებს მონაწილეობას მომავალ საპარლამენტო არჩევნებში. უზარმაზარი მხარდაჭერა გვაქვს და ეს მოტივაციას გვაძლევს,“ - აცხადებს 37 წლის დომინიკ ვლაცნი.

ის იანვარში ამბობდა, რომ არჩევნებში მონაწილეობა საკმარისი თანხის მიზიდვაზე იქნებოდა დამოკიდებული, რასაც ვლაცნი 2023 წლის ბოლოსთვის 1,300 აქტიური წევრის 20,000-მდე გაზრდით გეგმავდა. მან აღიარა, რომ პარტია წვერთა ამ რაოდენობამდე ჯერ კიდევ შორს არის, მაშინ, როცა არჩევნები ოქტომბრამდე უნდა ჩატარდეს.

„დაფინანსების მიზნის ნახევარზე მეტს მივაღწიეთ. ჩვენი ჭიქა, ასე ვთქვათ, ნახევრად სავსეა და სულ უფრო მეტად ივსება,“ - ამბობს ლუდის პარტიის ლიდერი.

პარტია ბოლო, 2019 წლის საპარლამენტო არჩევნებშიც მონაწილეობდა და ხმების მხოლოდ 0.1% მიიღო. თუმცა თავად დომინიკ ვლაცნი 2022 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში 8.3%-იანი მხარდაჭერით მესამე ადგილზე გავიდა.

ბოლო გამოკითხვებით, ავსტრიის ლუდის პარტიას მოსახლეობაში 5%-დან 7%-იანი მხარდაჭერა აქვს, მაშინ, როცა პარლამენტში მოსახვედრად 4%-იანი ბარიერის გადალახვა არის საჭირო.

ლუდის პარტია წინასაარჩევნო კამპანიის დროს როგორც სერიოზულ, ისე ნაკლებად სერიოზულ საკითხებზე აქცენტირებს, როგორიც არის, ერთის მხრივ, ჯანდაცვის სისტემის გაუმჯობესება და, მეორეს მხრივ, ვენაში ლუდის საჯარო შადრევნების მოწყობა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ