კაფე მენიუს გარეშე

ადგილი, სადაც მენიუ არ არსებობს და სადაც სასურველი საჭმელი და სასმელი თავად უნდა მიიტანოთ. ახალბედა ბიზნესი ბაზარზე ადგილის დასამკვიდრებლად ორიგინალურ გამოსავალს ეძებს. მაგალითად, ცოტა ხნის წინ თბილისში არასტანდარტული კაფე - ანტიკაფე გაიხსნა, რომელსაც ჩვეულებრივ კაფესთან შედარებით, რამდენიმე უპირატესობა აქვს.

"ჩვენი კაფე მნიშვნელოვნად განსხვავდება ჩვეულებრივი კაფესგან, აქ არ არის ბარი და მენიუ. ერთი შეხედვით, ეს შეიძლება არ იყოს უპირატესობა, მაგრამ მეორე მხრივ, შეიძლება ითქვას, რომ არის თავისუფლება. ჩვენს სტუმრებს თვითონ შეუძლიათ მოიტანონ სასმელი თუ სხვა რამ. ჩვეულებრივი კაფესგან ასევე იმით განვსხვავდებით, რომ თითქმის ყოველდღე, აქ რაღაც საინტერესო ხდება", -ამბობს ანტიკაფეს ერთ-ერთი დამფუძნებელი ქრისტინე ფაიქიძე.

თბილისის ანტიკაფეში თითქმის ყოველდღე იმართება ფილმების ჩვენება, პოეზიის და თემატური საღამოები. "ეს არის თავისუფალი სივრცე, სადაც შეგიძლია დაკავდე საინტერესო საქმიანობით და გაერთო. ანტიკაფე ადამიანებს საინტერესო სივრცეს სთავაზობს. ჩვენ ვეხმარებით დამწყებ ხელოვანებს, მოაწყონ აქ საღამოები და წარუდგინონ საზოგადოებას თავიანთი შემოქმედება. გვინდა, რომ საინტერესო და ახალი სახეები აღმოვაჩინოთ", - აღნიშნავს ქრისტინე ბპნ-თან საუბრისას.

კულტურული და შემოქმედებით საღამოების გარდა, ანტიკაფის სტუმრებს შეუძლიათ, სხვადასხვა სააზროვნო და გასართობი თამაშებითაც დაკავდნენ. მათ შორის არის "მაფია", "იმეჯინარიუმი", "აქუაიერი", რომელიც "მონოპოლის" მსგავსი თამაშია და სტრატეგიული თამაში"ინდასთრი". ამას გარდა, არის ჭადრაკი, კარტი, "უნო" და პოკერი. სტუმრებს, რომლებსაც რომელიმე თამაშით სურს დაკავება და არ იციან მისი წესები, თამაშის პრინციპს კაფეს თანამშრომლები უხსნიან.bpn

მსურველებს ანტიკაფეში ბავშვების მიყვანაც შეუძლიათ. "ჩვენთან არ ეწევიან. მარტო ერთ ოთახში ვრთავთ ნებას მოწევის, ისიც 12 საათის შემდეგ. ამიტომაც შესაძლებელია ბავშვების მოყვანაც", - აღნიშნა ქრისტინემ.

ანტიკაფეს სტუმრები მოხიბლულები არიან იმითაც, რომ მეგობრებთან ერთად იქ მისასვლელად მხოლოდ მცირედი რაოდენობის თანხა სჭირდებათ. ანტიკაფეში სტუმრები იხდიან მხოლოდ გატარებული დროის საფასურს. "ანტიკაფეში მომეწონა გარემო, რომელიც თავს გაგრძნობინებს "სახლში". ამასთან ერთად, არ არის აუცილებელი იფიქრო და განწყობა შეიქმნა მისვლამდე წინასწარ რამდენიმე მიზეზის გამო: "ფორმაში არ ვარ", "რა ჩავიცვა?", "არ მაქვს ფინანსები იმ ოდენობის, რომ ჩემს მეგობრებთან ერთად მივიდე" და ა.შ. აქ შეგიძლია სავსებით მშვიდად მიხვიდე და სასიამოვნო დრო გაატარო", - ამბობს ანტიკაფეს სტუმარი თამარ დათუაშვილი.

ანტიკაფეს კონცეფცია უკვე არსებობს მსოფლიოში. ეს იდეა პირველად აშშ-ში დაიბადა, შემდეგ კი აქტიურად გავრცელდა ევროპაში.

თამთა ჯიჯავაძე