სამეგრელოში თხილის მოსავალი ცხელმა ქარმა შეიწირა

რამდენიმე დღის წინ, დასავლეთ საქართველოში ამოვარდნილმა ცხელმა ქარმა თხილის მოსავალი თითქმის გაანადგურა.

სამეგრელოში, წლეულს უპრეცედენტო რაოდენობის თხილს ელოდებოდნენ, მაგრამ უამინდობამ თითქმის მთლიანად გაანადგურა. იმ სოფლების მოსახლეობა, სადაც თხილი განსაკუთრებით დიდი რაოდენობით მოდის, მოსავლის გარეშე დარჩა.

ჯიმშერ მებონია, ანაკლიის მცხოვრები: "ცხელი ქარი მოვარდა და რამდენიმე საათის განმავლობაში არ გაჩერებულა. მხოლოდ თხილის ნაყოფი კი არა, ხის ტოტები, ფოთლებიანად დალეწა და ძირს ჩამოყარა. თხილნარში რომ შევედი, კინაღამ გული გამისკდა- მიწა პატარა მწვანე თხილის ნაყოფით იყო მოფენილი. 3 ტონამდე თხილს მაინც ველოდებოდი, მაგრამ საეჭვოა 500 კილოგრამი გამოვიდეს. გარშემო ყველა ჩემს დღეშია. სიგიჟის ზღვარზე ვართ. ხალხს წინასწარ აქვს თხილის მოსავალი გაყიდული - ახალ სეზონამდე ერთი კილოგრამი 4 ლარის ექვივალენტით", - აღნიშნა ჩვენთან საუბარში ჯიმშერ მებონიამ.

ლალი პაპასკირი