რძე გაიაფდა, თუმცა, გადამამუშავებლებს მაინც ფხვნილი ურჩევნიათ

რძის საბითუმო ფასი შარშანდელთან შედარებით 25%-ით დაეცა და ლიტრზე 65 თეთრი შეადგინა.

როგორც ფერმერები აცხადებენ, მიზეზი გაზაფხულზე უხვი ნალექები იყო, რის გამოც რძის სიჭარბე დაფიქსირდა.  ნედლეულზე ფასების შემცირების მიუხედავად, რძის გადამამუშავებელი მსხვილი კომპანიები უპირატესობას მაინც რძის ფხვნილს ანიჭებენ, მიზეზად კი აცხადებენ, რომ ადგილობრივი პროდუქცია უვნებლობისა და ხარისხის სტანდარტებს ნაკლებად აკმაყოფილებს. გარდა ამისა, რძის ფხვნილი, რომელიც ძირითადად უკრაინიდან შემოაქვთ, გრივნის დევალვაციის გამო შესამჩნევად გაიაფდა.

როგორც ცნობილია, ერთი ლიტრი აღდგენილი რძე გადამამუშავებლებს 50 თეთრი უჯდებათ, ანუ, 25% -ით იაფი.  აღსანიშნავია, რომ საქართველოში რძის მიწოდებისას მთავარი პრობლემა მისი სეზონურობაა- ზამთარში დეფიციტია, ხოლო ზაფხულში - სიჭარბე. ექსპერტების შეფასებით, ქვეყანა დღეში 200 ტონა რძეს მოიხმარს, ადგილობრივი წარმოება სეზონზეც კი მოთხოვნის მხოლოდ 70%-ს აკმაყოფილებს.

ბელა ნოზაძე