კახა კალაძე: აქციის მონაწილეები მშვიდობიანი პროტესტის ნაცვლად, ახდენდნენ ადმინისტრაციული შენობის ბლოკირებას

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, გუშინ, რუსთაველის გამზირზე შეკრებილი მოქალაქეები, რომლებიც ე.წ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს აპროტესტებდნენ, მშვიდობიანი პროტესტის ფორმებს გაცდნენ.

ქალაქის მერი ამტკიცებს, რომ პარლამენტის წინ შეკრებილი მოქალაქეები ადმინისტრაციული შენობის ბლოკირებას ახდენდნენ და „აგრესიულ თავდასხმებს“ ახორციელებდნენ პოლიციელებზე.

„მინდა გამოვეხმაურო გუშინ რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებს. ამ ქვეყანაში სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება დაცულია უმაღლეს დონეზე და ნებისმიერ ადამიანს, რაც არ უნდა განსხვავებული მოსაზრება და პოლიტიკური შეხედულება აქვს იმის შესაძლებლობა, რომ გამოხატოს თავისი მოსაზრება ყველანაირი ფორმით, მაგრამ ეს უნდა იყოს კანონის ფარგლებში. გუშინ ვნახეთ საპროტესტო აქციის ორგანიზატორები და მონაწილეები, მშვიდობიანი პროტესტის ნაცვლად ახდენდნენ ადმინისტრაციული შენობის ბლოკირებას, აგრესიულ თავდასხმებს ახორციელებდნენ პოლიციელებზე, ხდებოდა სიტყვიერი ფიზიკური შეურაცხყოფები, ხდებოდა ქვეყნის და ბოთლების სრულად. დაზიანებულია მუნიციპალური ქონება. არაერთი მოწოდების მიუხედავად, მას შემდეგ რაც აქცია მშვიდობიან ფორმას გასცდა და მიიღო ძალადობრივი ხასიათი, სამართალდამცავებმა კანონით დადგენილი ღონისძიებები გაატარეს. თითოეულ პოლიციელს, შსს-ს, მინისტრ ვახტანგ გომელაურს მინდა გადავუხადო მადლობა წესრიგის აღდგენისთვის, ძალადობის აღმოფხვრისა და არეულობის მცდელობის აღკვეთისთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მერი ტაბატაძე