გთხოვთ, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციები დააწესოთ - ვიოლა ფონ კრამონი ევროკომისიის გენერალურ დირექტორს

გთხოვთ, ამ მესიჯების ნაცვლად, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციები დააწესოთ, - ამის შესახებ ევროპარლამენტარი, ვიოლა ფონ კრამონი აცხადებს.

„გთხოვთ, გამოიყენოთ დღევანდელი ვიზიტი და უთხრათ საქართველოს ხელისუფლებას, რომ ხალხის ცემა შეწყვიტოს! მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობა და სისასტიკე აღარ უნდა განხორციელდეს. უთხარით, რომ რუსული კანონი გაიწვიონ, ლამაზი პროექტები და ქართველ ოფიციალურ პირებთან სურათები საკმარისია. სურათები აბსურდულია მას შემდეგ, რაც საქართველოში ამ მომენტში და ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ხდება“, - მოუწოდა ევროპარლამენტარმა, ვიოლა ფონ კრამონმა სამეზობლოსა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკების საკითხებში ევროკომისიის გენერალურ დირექტორს, ხერტ იან კოოპმანს, რომელიც საქართველოს დღეს ეწვევა.

ასევე, ვიოლა ფონ კრამონმა ევროკომისიასა და ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს, ვერა იუროვას მოუწოდა, რომ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციები დააწესონ.

„გთხოვთ, ამ მესიჯების ნაცვლად, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციები დააწესოთ. ევროკავშირს აქვს იმის ინტერესი, რომ საქართველოში დემოკრატიულ პარტნიორებს მხარი დაუჭიროს და ისინი გადაარჩინოს“, - წერს ვიოლა ფონ კრამონი X-ზე.