რა ეტაპზეა საერთაშორისო მნიშვნელობის ბათუმი-სარფის გზის მშენებლობა

საერთაშორისო მნიშვნელობის, ბათუმი-სარფის შემოვლით გზის მშენებლობა მთავრობამ რამდენიმე წლის წინ დააანონსა, თუმცა ამ დრომდე არ კონკრეტდება სამუშაოების დაწყებისა და დასრულების თარიღი.

როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს, პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების მომზადების პროცედურები დასრულებულია, ხოლო დეტალური საპროექტო დოკუმენტაციის მომზადების პროცედურები დასკვნით ფაზაშია.

რაც შეეხება, დეტალურ ინფორმაციას, კონკრეტულ მარშრუტს და ღირებულებას, როგორც უწყებაში განმარტავენ, საპროექტო სამუშაოების დასრულების შემდგომ გახდება ცნობილი.

„ამ ეტაპზე დასრულებულია საერთაშორისო მნიშვნელობის ბათუმის შემოვლითი გზის - სარფის (თურქეთის საზღვარი) სექციის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების მომზადების პროცედურები, ხოლო დეტალური საპროექტო დოკუმენტაციის მომზადების პროცედურები დასკვნით ფაზაშია. დეტალური საპროექტო სამუშაოების დასრულების შემდგომ გახდება ცნობილი საავტომობილო გზის მარშრუტის შესახებ ინფორმაცია“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

გარდა ამისა, დაგეგმილია ქობულეთის შემოვლით გზის 4 -ზოლიან მაგისტრალად მოდერნიზაციაც, თუმცა, აღნიშნულთან დაკავშირებითაც სამინისტროში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების სამუშაოები მიმდინარეობს.

„გაცნობებთ, რომ ამ ეტაპზე მიმდინარეობს ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების სამუშაოები და აღნიშნული სამუშაოების დასრულების შემდგომ, დაიწყება დეტალური საპროექტო დოკუმენტაციის დამუშავება. დამატებით გაცნობებთ, რომ ზემოაღნიშნული ორივე პროექტის განსახორციელებლად საჭირო ბიუჯეტი/დაფინანსების წყარო ცნობილი გახდება დეტალური საპროექტო დოკუმენტაციების დამუშავების შემდგომ“,- ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში, „ბიზნესპრესნიუსის“ კითხვების საპასუხოდ.

ნინი ქეთელაური