რუმინეთმა 2007 წელს ევროკავშირში გაწევრიანებიდან მიმდინარე წლის 1 იანვრამდე ევროპული ფონდებიდან 89,4 მლრდ ევრო მიიღო. ამის შესახებ ქვეყნის ეკონომიკის მინისტრ შტეფან რადუ ოპრიამ განაცხადა.
მისი შეფასებით, ევროკავშირში გაწევრიანებისა და საერთო ევროპული ბაზრის სახსრებსა და სარგებელზე წვდომის შედეგად რუმინეთის ეკონომიკა და ქვეყნის მოქალაქეების ცხოვრების დონე გაიზარდა.
კერძოდ, 2007 წელს ევროკავშირში გაწევრიანებიდან 2023 წლის სექტემბრამდე რუმინეთის საშუალო წლიურმა ეკონომიკურმა ზრდამ 3,04% შეადგინა და ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელს 1,2%-ით გადააჭარბა. ამასთან, ეკონომიკაში მინიმალური ხელფასი 2007 წლის 1 იანვრის ოდენობიდან, ანუ 390 ლეუდან (84 დოლარიდან) მიმდინარე წლის 1 იანვარს 3,300 ლეუმდე (708 დოლარამდე) გაიზარდა.
ცნობისთვის: რუმინეთმა ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადი 1995 წელს წარადგინა, ხოლო 1999 წელს ევროკავშირის ლიდერებმა ჰელსინკში გამართულ შეხვედრაზე ზოგიერთ სახელმწიფოსთან, მათ შორის, რუმინეთთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყება დაამტკიცეს. რუმინეთის გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები 2000 წელს დაიწყო და 2004 წლის ბოლომდე გაგრძელდა, როცა მათი დასრულების შესახებ ევროპული საბჭოს სხდომაზე გამოცხადდა.
ევროკავშირში გაწევრიანების ხელშეკრულებას რუმინეთმა 2005 წლის 25 აპრილს მოაწერა ხელი, ხოლო 2007 წლის 1 იანვარს ქვეყანა ევროკავშირის წევრი ოფიციალურად გახდა.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ