„არ გამოიყენოთ საჯარო WiFi” - რა უნდა გაითვალისწინოთ აქციაზე ტელეფონების გამოყენებისას

მასობრივი თავშეყრის ადგილებზე მოხვედრისას ან საპროტესტო აქციაში მონაწილეობისას მობილური ტელეფონის მიმართ არსებული ან მისგან მომდინარე საფრთხეების შესახებ კიბერ სტრატეგიის კონსულტანტი, მკვლევარი ანდრო გოცირიძე სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებს.

ყველაზე გავრცელებული და მოსალოდნელი საფრთხეები უკავშირდება ტელეფონის დაკარგვას, ჩამორთმევას, მიყურადებას, ინფორმაციის ამოღებას ტელეფონიდან და მოქალაქეების თვალთვალს ტელეფონის დისტანციური გამოყენებით. აღნიშნული საფრთხეების აღმოსაფხვრელად მოქალაქეებმა შემდეგი პირობები უნდა გაითვალისწინონ:

„გააუქმეთ ანაბეჭდით ან სახის ამოცნობით ეკრანის გახსნის ფუნქცია და დაიცავით მობილურის ეკრანი ექვსნიშნა კოდით ან პასფრაზით;

სიგნალი, ვათსაპი, სხვა მესენჯერები დაიცავით ცალკე ავტორიზაციით, ისე, რომ უცხოს, თქვენი ტელეფონის დაუფლებისას არ ჰქონდეს პირდაპირი წვდომა მიმოწერაზე;

დააბექაპეთ ტელეფონი და მიმოწერა, რომ დაკარგვის შემთხვევაში შეძლოთ ინფორმაციის სხვა დევაისში აღდგენა;

გაააქტიურეთ “Find Your Phone” ფუნქცია, რათა დაკარგვის ან ჩამორთმევის შემთხვევაში დისტანციურად შეძლოთ ტელეფონის "წაშლა" ან პოვნა;

როდესაც არ რეკავთ ან/და არ იყენებთ ინტერნეტს, ტელეფონი გადაიყვანეთ airplane mode-ზე. ამით თავიდან აიცილებთ თრეკინგს, მიყურადებას;

თუ ტელეფონი ჩამოგართვეს ან დაკარგეთ, შეძლებისდაგვარად სწრაფად შეცვალეთ მგრძნობიარე აპლიკაციების პასვორდები და დაბლოკეთ ამ ტელეფონით აპლიკაციებში შესვლის ფუნქცია. აცნობეთ ბანკებს, რომ თქვენს მობაილ-ბანკინგზე შესაძლოა სხვას ჰქონდეს წვდომა;

არ გამოიყენოთ საჯარო wi fi. მობილური ინტერნეტი გაცილებით უსაფრთხოა. თუ არ გაქვთ, გამოიყენეთ მსხვილი სასტუმროს, კომპანიის ქსელი;

მობილურ ტელეფონში შეგიძლიათ დააყენოთ ფუნქცია emergency location sharing - იმ ადგილის მყისიერი გაზიარება, სადაც განსაცდელში ხართ.

დეტალური ინსტრუქციები კომენტარებშია, რამდენიმე ბმულად ჩავაგდებ და გადახედეთ, ვისაც დაგაინტერესებთ“, - წერს კიბერ სტრატეგიის კონსულტანტი.

მერი ტაბატაძე