„ტურიზმში დასაქმებული ყველა ადამიანის შემოსავლის 90-100% არის უცხოური - საერთოდ რისთვის გვჭირდება ეს კანონი?!“

„ტურიზმში დასაქმებული ყველა ადამიანის შემოსავლის 90-100% არის უცხოური, აქედან გამომდინარე, მე არ ვიცი სამომავლოდ რა ინტერპრეტაცია ექნება ამ ყველაფერს. მე ვერ ვხედავ აზრს საერთოდ რისთვის გვჭირდება ეს კანონი?!“,- ამის შესახებ გიდების საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელმა ალექსანდრე გიორგიძემ „ბიზნესპრესნიუსთან“, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, თუ ეს კანონი არ არის მტრულად განწყობილი კონკრეტული სახელმწიფოების, მაგალითად, რუსეთის გავლენის გამოსავლენად, მაშინ რა მიზანს ემსახურება, გაუგებარია.

“ ჩემი, ჩემი ოჯახის, პრინციპში, ტურიზმის სექტორის უმრავლესობის პოზიციაა, რომ ეს კანონი არ უნდა მიიღონ. შეიძლება, იქ რამე განსაკუთრებული არ წერია, მაგრამ თვითონ ფაქტი, რომ შენ ხარ უცხო ქვეყნის გავლენის ინტერესების გამტარებელი, ეს უკვე არასწორია და მითუმეტეს ტურიზმში. იმიტომ, რომ ტურიზმში დასაქმებული ყველა ადამიანის შემოსავლის 90-100% არის უცხოური, აქედან გამომდინარე, მე არ ვიცი სამომავლოდ რა ინტერპრეტაცია ექნება ამ ყველაფერს. ვერ ვხედავ აზრს, საერთოდ რისთვის გვჭირდება ეს კანონი?! თუ არ არის ის მიმართული კონკრეტული მტრული სახელმწიფოების და აგენტურის გამოსავლენად. რომ იყოს რუსეთზე საუბარი და კიდევ სხვა რამდენიმე ქვეყანაზე, გასაგებია, მაგრამ ზოგადად, რისთვის არის, მე არ მესმის. ძალიან ბევრ ჩემ კოლეგა გიდს ვხედავ აქციაზე, რომლებიც დღისით მუშაობენ და საღამოს მოდიან აქციაზე. ტურისტებითაც კი იყო გიდი მოსული აქციაზე“,- განაცხადა ალექსანდრე გიორგიძემ.

შეგახსნებთ, რომ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვები ხმაურის, საზოგადოების პროტესტისა და ევროპარლამენტარებს კრიტიკის ფონზე მიმდინარეობს.

ნინი ქეთელაური