პარლამენტთან შეკრებილი აქციის მონაწილეები მშვიდობიან მსვლელობას იწყებენ

საკანონმდებლო ორგანოსთან მიმდინარე აქციის მონაწილეები თბილისის ქუჩებში „არაძალადობრივ მოძრაობას" იწყებენ.

ამის შესახებ აქციის წამყვანმა, პოეტმა რატი ამაღლობელმა განაცხადა და აქციის მონაწილეებს მიმართა.

მისივე განცხადებით, აქციის მონაწილეთა ერთი ნაკადი პირველი გიმნაზიიდან დაიწყებს მოძრაობას, ხოლო მეორე ნაკადი მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლიდან.

"დღეს ჩვენ გამოვხატავთ ქართველი ხალხის ნებას. ასე რომ, ძალიან კონკრეტულად ახლა პირველი სკოლის მხარეს დაელოდეთ ჩვენ შეუპოვარ ქალებს ელენე ხოშტარიას და სოფო ჯაფარიძეს. დაინახავთ და გაჰყვებით მათ. უნდა ვიმოძრაოთ თბილისში, უნდა ვიმოძრაოთ მთაწმინდაზე. უნდა გამოვხატოთ აქ, ამ უბანში, ჩვენი თავისუფალი მანიფესტაციით ჩვენი ნება. დავდგები მოსწავლე-ახალგაზრდობის და სასახლის წინ, დაგელოდებით და დავიწყებთ ერთად არაძალადობრივ მოძრაობას თბილისს ქუჩებში. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ ვიცავთ საქართველოს წარსულს, აწმყოს და მომავალს, ვიცავთ იმ სიკეთეებს, რომლებიც ეკუთვნის ქართველ ხალხს, რომელიც გვეკუთვნის ჩვენ! ვიცავთ კონსტიტუციას! ასე რომ, გველოდებით. ერთ ხაზად, მწყობრად, მოწესრიგებულად დავიძვრებით. ერთი ნაკადი მიდის პირველი გიმნაზიისკენ და იქიდან [იწყებს მოძრაობას]. მეორე ნაკადი მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლიდან. ესეც მნიშვნელოვანია. ეს არის ორი კერა, ჩვენი ახალგაზრდობის გამზრდელი ორი კერა. ვიკრიბებით, რათა დავიცვათ ჩვენი მომავალი", - განაცხადა ამაღლობელმა.