ფინანსთა მინისტრის მოადგილედ ცოტნე ყავლაშვილი დაინიშნა

ფინანსთა მინისტრის მოადგილედ ცოტნე ყავლაშვილი დაინიშნა. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ყავლაშვილი აღნიშნულ თანამდებობაზე პრემიერის ბრძანებით და ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურის წარდგინებით დაინიშნა. იგი ამავდროულად კვლავ გააგრძელებს ფინანსთა სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების სახაზინო სამსახურის უფროსის უფლებამოსილების შესრულებას.

ცოტნე ყავლაშვილი ფინანსთა სამინისტროში 2006 წლიდან მუშაობს. სახაზინო სამსახურის უფროსად დანიშვნამდე მას ფისკალური პროგნოზირების დეპარტამენტის უფროსის თანამდებობა ეკავა, მანამდე კი საბიუჯეტო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე იყო. დამთავრებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის და ბიზნესის ფაკულტეტი, მიღებული აქვს მაგისტრის აკადემიური ხარისხი. პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, ცოტნე ყავლაშვილს ფინანსთა მინისტრის მოადგილის უფლებამოსილება მიმდინარე წლის 9 ივნისიდან მიენიჭა.