ირანის ეკონომიკა - გაფრთხილება პუტინისთვის?

Business insider- მა ირანსა და ისრაელს შორის არსებულ დაძაბულობას, სასაქონლო ხარჯების ზრდასა და ინფლაციის გამწვავებასთან დაკავშირებულ შიშებს საკმაოდ ვრცელი სტატია მიუძღვნა.

„ერთ-ერთი ფაქტორი, რომელმაც შეიძლება თავიდან აიცილოს რეგიონული ომი, ირანის ეკონომიკის სავალალო მდგომარეობაა“ - ნათქვამია სტატიაში.

უკვე ათწლეულებია, ქვეყანა დასავლური სანქციებს შედეგებს იტანს, რაც თეირანის მიერ ომის დაფინანსების ნებისმიერ ძალისხმევას მნიშვნელოვნად ასუსტებს. ეს შეიძლება იყოს გამაფრთხილებელი ნიშანი ვლადიმერ პუტინისთვის, რადგანაც იგი უკრაინასთან ომს კვლავ აგრძელებს.

ცნობისთვის, შეერთებულმა შტატებმა პირველად სანქციები ირანს მას შემდეგ დაუწესა, რაც სტუდენტებმა 1979 წელს თეირანში ამერიკის საელჩო აიღეს.

ამას ემატება ისიც, რომ 2018 წელს დონალდ ტრამპმა აშშ-სა და ირანს შორის ბირთვული შეთანხმებიდან გამოსვლის გადაწყვიტილება მიიღო. მაშინდელმა პრეზიდენტმა თქვა, რომ „მაქსიმალურ ეკონომიკურ ზეწოლას“ მოახდენდა ირანზე, ეს გადაწყვეტილება კი სანქციების პაკეტებს კიდევ უფრო მყარ საფუძველს შეუქმნიდა და გაცილებით საზიანო იქნებოდა ირანის ეკონომიკისთვის.

ქვეყნების უმეტესობას, რომლებიც ირანულ ნავთობს ყიდულობს, ეკრძალებათ ვაჭრობა აშშ-სთან. აშშ-ს ენერგეტიკული ინფორმაციის ადმინისტრაციის მონაცემებით, ირანი მსოფლიოში მეშვიდე ნავთობის უმსხვილესი მწარმოებელია, ამიტომ დაწესებული შეზღუდვები ირანის ეკონომიკის მამოძრავებელი ძალის შესუსტებას ისახავდა მიზნად.

სანქციებმა შედეგი გამოიღო კიდეც. 2018 წელს ირანის მთლიანი შიდა პროდუქტი 1,8%-ით, ხოლო 2019 წელს 3,1%-ით შემცირდა. მართალია მომდევნო წლებში სიტუაცია ამ მხრივ დასტაბილურდა, მაგრამ მშპ-ს ბოლოდროინდელი ზრდის მიუხედავად, ირანის ეკონომიკას სხვა საკითხები აწუხებს. თუკი 2017 წელს ირანში ინფლაცია 9,6% იყო, 2018 წელს მისმა დონემ 30,2%-მდე მოიმატა. ზრდა ფიქსირდებოდა მომდევნო 4 წლის განმავლობაშიც და 2022 წელს მაქსიმალურ ნიშნულ 45,8%-ს მიაღწია. 2023 წელს მცირედ დაიკლო (-4,3%), 2024 წლის პირველ კვარტალში კი 37,5%-ს შეადგენს. აღნიშნულის შედეგად, მნიშვნელოვნად შეიცვალა საკვები პროდუქტების ფასებიც. როგორც IranWire გვატყობინებს, ოსპის ღირებულება ამ წლის დასაწყისიდან 130%-ით არის გაზრდილი, ლობიო 30%-ით, ხოლო ხორცის ფასმა ამავე პერიოდში 25%-ით მოიმატა. ირანის პარლამენტის კვლევითი ცენტრის განცხადებაში ისიც წერია, რომ მოსახლეობის დაახლოებით ნახევარი შარშან დღის განმავლობაში რეკომენდებულ 2100 კალორიაზე ნაკლებს მოიხმარდა.

პროდუქტებზე ფასების მატებამ გამოიწვია სიღარიბის მაჩვენებლის ზრდა. დაახლოებით 9,5 მილიონი ირანელი უკიდურეს სიღარიბეში აღმოჩნდა, მოსახლეობის მეოთხედზე მეტი კი დღეში 6,85 აშშ დოლარის ექვივალენტით ცხოვრობდა.

ნავთობისგან შემოსავლების შემცირების გამო, მთავრობამ მიმართა სესხის აღებას. შედეგად, ამ პერიოდის განმავლობაში სახელმწიფო ვალის მშპ-სთან შეფარდება სამჯერ გაიზარდა.

ეს ყველაფერი შესაძლოა, რუსეთისთვის გაფრთხილება იყოს. როგორც ჩანს, რუსეთის ეკონომიკა ამ ეტაპისთვის მეტწილად მდგრადობას ინარჩუნებს, თუმცა ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ მდგომარეობა შეიძლება გაუარესდეს, რადგან ომი კვლავ გრძელდება.

ჩვენ კარგად გვახსოვს, თუ როგორ ცდილობდა მოსკოვი ძირითად საკვებ პროდუქტებზე ფასების შენარჩუნებას, რამაც დახლებთან საბჭოთა სტილის რიგების დადგომა გამოიწვია. ანალიტიკოსები ასევე შიშობენ იმასაც, რომ კრემლი ზედმეტად რისკავს და ჩინეთზე, ჩრდილოეთ კორეასა და ირანზე დღითიდღე უფრო მეტად ხდება დამოკიდებული.

მოამზადა თორნიკე მაისაშვილმა