ფედი საპროცენტო განაკვეთს უცვლელად ტოვებს - როგორია ინფლაციური მოლოდინი

აშშ-ს ფედერალურმა ბანკმა საპროცენტო განაკვეთი კვლავ იმ დონეზე დატოვა, რომელიც ორ ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში ყველაზე მაღალია (5,25%-5,5%-ის ფარგლებში). ამ დონეზე საპროცენტო განაკვეთი გასული წლის ივლისიდანაა.

Fed-ი იმედოვნებს, რომ სესხის აღებისთან დაკავშირებული ხარჯების მაღალი დონის შენარჩუნებით, შეძლებს ეკონომიკაზე ზეწოლის შემცირებასა და ფასების ზრდის შენელებას. მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ შეერთებულ შტატებში ინფლაცია მოსალოდნელზე მდგრადი აღმოჩნდა, ბანკის ეს ნაბიჯი შეიძლება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს.

ანალიტიკოსები, რომლებიც ელოდნენ, რომ ბანკი ამ წლის დასაწყისში დაიწყებდა განაკვეთების შემცირებას, იძულებულნი გახდნენ გადაესინჯათ საკუთარი პროგნოზები - და ზოგიერთმა განაკვეთის ზრდის შესაძლებლობაც კი დაუშვა.

განცხადების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, Fed-ის თავმჯდომარემ ჯერომ პაუელმა თქვა, რომ განაკვეთის ზრდა "ნაკლებად სავარაუდოა", და გაიმეორა, რომ ოფიციალურ პირებს სჭირდება მეტი თავდაჯერებულობა, ვიდრე შემცირებაზე გადავლენ.

"ეს ნამდვილად იქნება დამოკიდებული მონაცემებზე," - თქვა მან.

შეერთებულ შტატებში სამომხმარებლო ფასები 12 თვის განმავლობაში 3.5%-ით არის გაზრდილი. მართალია მნიშვნელოვნად ჩამორჩება 2022 წლის ივნისში დაფიქსირებულ 9.1%-ს, მაგრამ Fed-ის 2%-იან სამიზნე მაჩვენებელზე მაღლია.

ოთხშაბათს გადაწყვეტილების გამოცხადებისას Fed-მა ყურადღება ამ ტენდენციებზეც გაამახვილა და აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება ინფლაციას თავის სამიზნე ნიშნულამდე დაბრუნებას ემსახურება.

ამ უკანასკნელს Fitch Ratings-ის მთავარი ეკონომისტი, Brian Coulton-ი შემდეგნაირად გამოეხმაურა - „განცხადება ცალსახად აღიარებს ინფლაციის დინამიკის ბოლოდროინდელ გაუარესებას“.

ცნობისთვის, Fed-მა ხელუხლებლად სწორედ ის განაკვეთები დატოვა, რომელსაც გასული წლის ივლისიდან აგრესიულად ზრდიდა. უფრო მაღალი საპროცენტო განაკვეთი საზოგადოებაზე უარყოფით გავლენას უფრო ძვირი იპოთეკის, მანქანისა, ბიზნეს სესხებსა და ა.შ სახით ახდენს.

Fed-ის ნაბიჯებს მთელი მსოფლიო ყურადღებით ადევნებს თვალს, განსაკუთრებით კი ინგლისის ბანკი, რომელსაც ასევე მკვეთრად გაზრდილი განაკვეთების ხანგრძლივი პერიოდი ჰქონდა.

Fed-ის თავჯდომარემ ისიც თქვა, რომ სხვა ქვეყნები შესაძლოა, განაკვეთის შემცირებაზე უფრო სწრაფად გადავიდნენ, ვიდრე აშშ, რადგან მათ ეკონომიკური შენელება აშფოთებთ.

”განსხვავება შეერთებულ შტატებსა და სხვა ქვეყნებს შორის, რომლებიც ახლა განიხილავენ განაკვეთების შემცირებას, არის ის, რომ მათ უბრალოდ, არ აქვთ ისეთი ეკონომიკური ზრდა, როგორიც ჩვენ” - თქვა მან.

ეკონომისტების შეფასებით კი, Fed-ის გადაწყვეტილების მიზანი არა ინფლაციასთან ბრძოლა, არამედ ფინანსური ბაზრების შეფერხების თავიდან არიდებაა.

მოამზადა თორნიკე მაისაშვილმა