„ბათუმში სარესტორნო სფეროში ბევრი რუსულენოვანი კადრია - მზარეულები ჩამოჰყავთ აზიიდან“

სარესტორნო სექტორში კადრების დეფიციტია. აღნიშნული განსაკუთრებით შესამჩნევია მიგრაციის პირობებში - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ რესტორატორები აცხადებენ.

როგორც რესტორატორთა ასოციაციის პრეზიდენტი კოტე გაბრიჩიძე ჩვენთან საუბარისას აღნიშნავს, სექტორში დასაქმებულთა ნაწილი ტოვებს საქართველოს და სამსახურის საძიებლად უცხოეთში მიდის.

„დეფიციტი ყოველთვის არის, განსაკუთრებით ახლა მიგრაციის პირობებში. ევროპაში გადის ხალხი და კადრების სიმცირეა“, - აღნიშნა გაბრიჩიძემ.

რესტორან „ზაზანოვას“ დამფუძნებელი მარინა სალუქვაძეც აღნიშნავს, რომ სექტორში კადრების დეფიციტია, თუმცა მათ რესტორანს მზარეულებთან მიმართებაში პრობლემა არ აქვთ, რადგან მოახერხეს კადრის შენარჩუნება. რაც შეეხება მიმტანებს, ამ მიმართულებით რიგი მიზეზების გამო, კადრები გამუდმებით იცვლება და გაედინება.

„კადრების დეფიციტი, რასაკვირველია, არის, იმიტომ, რომ პროფესიონალი კადრების გადინება მოხდა უცხოეთში. თუმცა შეგვიძლია დავიტრაბახოთ, რომ 12 წელზე მეტია ვოპერირებთ და ყველა მზარეული გახსნის დღიდან მოგვყვება. მზარეულების მხრივ ჩვენ რესტორანს დეფიციტი არ გვაქვს“, - დასძინა სალუქვაძემ.

რაც შეეხება დეფიციტის უცხოელი კადრებით შევსებას, სალუქვაძე გვპასუხობს, რომ ძირითადად დასაქმებული ჰყავთ ქართველები და უცხოელების მხრიდან დაინტერესება ამ ეტაპზე არ ყოფილა.

მისგან განსხვავებით, გაბრიჩიძე აღნიშნავს, რომ ბათუმში სარესტორნო სფეროში ბევრი უცხოელი მუშაობს. მათი დიდი ნაწილი რუსულენოვანი კადრია. რესტორატორთა ასოციაციის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ თითოეულმა დასაქმებულმა უნდა იცოდეს ქართული ენა.

„ბათუმში რომ გაიაროთ, ბევრი კადრი არის უცხოეთიდან ჩამოყვანილი რუსულენოვანი კადრები, რაც არ არის სწორი. მათი მომზადება უნდა მიდიოდეს ქართულ ენაზეც და ელემენტარული ქართული უნდა იცოდნენ. სხვა ქვეყნებიდან მზარეულები ჩამოჰყავთ - აზიის ქვეყნებიდან, ინდოეთიდან“, - განაცხადა კოტე გაბრიჩიძემ.

აღსანიშნავია ისიც, რომ სარესტორნო სფეროში გაზრდილია დასაქმებულთა ხელფასები. როგორც მარინა სალუქვაძე ჩვენთან საუბარისას აღნიშნა, ქვეყანაში ყველაფერი გაძვირებულია და სარესტორნო სექტორში დასაქმებულთა ხელფასები გაზრდილ ფასებთან მოდის შესაბამისობაში.

მერი ტაბატაძე