ბიზნეს-ჯეტების Embraer ლაინერების წარმოებაზე გადადის და Boeing-თან კონკურენციისთვის ემზადება

ბრაზილიური მწარმოებელი, Embraer ახალი ვიწროფიუზელაჟიანი ლაინერის გამოშვებას აპირებს, რომელიც პირდაპირ კონკურენციას გაუწევს Boeing 737 MAX-ისა და Airbus A320-ის მოდელებს, რაც ამ ორივე კომპანიისთვის ბაზრის საკვანძო სეგმენტია. ინფორმაციას Bloomberg წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

წყაროს ცნობით, შიდა შეფასებებმა აჩვენა, რომ Embraer-ს ახალი თაობის ლაინერის შესაქმნელად საჭირო ტექნოლოგიური კომპეტენცია და საწარმოო სიმძლავრე აქვს.

ამჟამად Embraer თავისი რეგიონული და ბიზნესჯეტებით არის ცნობილი. თუმცა ავიამწარმოებელმა ახალი თვითმფრინავის შესაძლო მახასიათებლების შეფასება უკვე დაიწყო, ასევე, პოტენციურ ფინანსურ და საწარმოო პარტნიორებს იკვლევს. მათ შორის არის საუდის არაბეთის სახელმწიფო საინვესტიციო ფონდი და კომპანიები თურქეთიდან, ინდოეთიდან და სამხრეთ კორეიდან.

Embraer-ის ამბიციები Boeing-ის ახალი პრობლემების ფონზე გაძლიერდა, რაც 737 MAX-ლაინერის ხარვეზებს უკავშირდება და რამაც ამერიკული ავიაკომპანიის წარმოების შეზღუდვა, მენეჯმენტის ცვლილება და Airbus-ისთვის კონკურენციის დათმობა გამოიწვია.

Embraer-ის კაპიტალიზაცია, დაახლოებით, 5 მლრდ დოლარს შეადგენს.

ცნობისთვის: ბიზნეს-ჯეტი, რომელშიც გასული წლის აგვისტოში კერძო სამხედრო დაჯგუფება Wagner Group-ის დამფუძნებელი, ევგენი პრიგოჟინი დაიღუპა, Embraer-ის მიერ წარმოებული Legacy 600-მოდელი იყო. თუმცა Embraer რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ საერთაშორისო სანქციებს ასრულებს და პრიგოჟინის თვითმფრინავს სანქციების გამო 2019 წლიდან აღარ ემსახურებოდა. International Aviation HQ-ის მონაცემებით, პრიგოჟინის თვითმფრინავის ჩამოვარდნა ბოლო 17 წლის განმავლობაში Embraer Legacy 600-თან დაკავშირებული პირველი ინციდენტი იყო. 2006 წელს ამ მოდელის თვითმფრინავი კომერციულ ავიალაინერ Boeing 737-800-ს ჰაერში შეეჯახა, რის შედეგადაც Boeing ჩამოვარდა. დაიღუპა 154 მგზავრი, თუმცა Embraer-ზე არავინ დაშავებულა, რადგან პილოტმა დაშვება მოახერხა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ