ჩინეთის ღვინის იმპორტში საქართველო უმსხვილესი ქვეყნების ათეულშია - AAWE-ის რეიტინგი

საქართველო ჩინეთის ღვინის იმპორტში წამყვანი ქვეყნების ტოპ 10-ეულს ხურავს. ამის შესახებ ამერიკის ღვინის ეკონომისტთა ასოციაციის (American Association of Wine Economists-AAWE) რეიტინგში წერია, რომელიც ასოციაციის facebook-გვერდზე ვრცელდება.

კერძოდ, 2022 და 2023 წლების ღვინის იმპორტში საქართველო ჩინეთის ერთ-ერთი მთავარი პარტნირია და ქვეყანა ორივე წელს ტოპ 10-ეულს ხურავს. 2022 წელს ჩინეთმა საქართველოდან 15,02 მლნ დოლარის, ხოლო 2023 წელს შედარბით ნაკლები ღირებულების, 11,69 მლნ დოლარის ღვინის იმპორტი განახორციელა. ამდენად, ერთ წელიწადში საქართველოდან იმპორტი 3,33 მლნ დოლარით, ანუ 22,2%-ით შემცირდა.

მთავარ იმპორტიორებში პირველ-მეორე ადგილს საფრანგეთი და ჩილე ინაწილებენ. თუმცა ამ ქვეყნების იმპორტიც, ღირებულების თვალსაზრისით, ყველაზე მეტად შემცირდა. თუ საფრანგეთი ჩილეს იმპორტის ღირებულებით უსწრებს, ჩილე პირველ ადგილზე ამ ღირებულების კლების მაჩვენებლითაა. კერძოდ, 2023 წელს ჩილედან ღვინის იმპორტი ჩინეთში, 2022 წელთან შედარებით, 103 მლნ დოლარით, ანუ 31,4%-ით, ხოლო საფრანგეთის 102 მლნ დოლარით, 15,4%-ით შემცირდა.

აღსანიშნავია, რომ AAWE-ის 2022 და 2023 წლების ტოპ 10-ეულში წამყვანი პარტნიორი ქვეყნების თანმიმდევრობა არ შეცვლილა. შეიცვალა მხოლოდ იმპორტის ღირებულების მაჩვენებლები, რამაც უმეტეს ქვეყნებიდან მოიკლო.

კერძოდ, ჩინეთის ღვინის იმპორტში 2022 და 2023 წლების მთავრი პარტნიორი ქვეყნების ტოპ 10-ეული ასეთია:

  • საფრანფეთი - 2023 წელს 559.72 მლნ დოლარი (2022 წელთან შედარებით მინუს 102.27 მლნ დოლარი, ანუ 15,4%)
  • ჩილე - 224.10 მლნ დოლარი (მინუს 102.68 მლნ დოლარი, ანუ 31,4%)
  • იტალია - 117.22 მლნ დოლარი (მინუს 18.43 მლნ დოლარი, ანუ 13,6%)
  • ესპანეთი - 66.99 მლნ დოლარი (მინუს 35.28 მლნ დოლარი, ანუ 34,5%)
  • აშშ - 51.07 მლნ დოლარი (პლუს 2.62 მლნ დოლარი, ანუ 5,4%)
  • ახალი ზელანდია - 28.69 მლნ დოლარი (მინუს 0.93 მლნ დოლარი, ანუ 3.2%)
  • გერმანია - 24.44 მლნ დოლარი (მინუს 1.58 მლნ დოლარი, ანუ 6.1%)
  • სამხრეთ აფრიკა - 21.41 მლნ დოლარი (პლუს 1.01 მლნ დოლარი, ანუ 4.9%)
  • არგენტინა - 17.04 მლნ დოლარი (მინუს 3.82 მლნ დოლარი, ანუ 18.3%)
  • საქართველო - 11.69 მლნ დოლარი (მინუს 3.33 მლნ დოლარი, ანუ 22.2%)

მთლიანობაში, 2023 წელს ჩინეთის ღვინის იმპორტის ღირებულება, 2022 წელთან შედარებით, 275 მლნ დოლარით, ანუ 19%-ით შემცირდა. კერძოდ, თუ 2022 წელს იმპორტის ღირებულება 1,435 მლრდ დოლარს შეადგენდა, 2023 წელს მან 1,160 მლრდ დოლარამდე დაიკლო.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ