საქართველოს მოსახლეობა ბერდება - „რეგიონი მოუმზადებელია დაბერებასთან გასამკლავებლად“

აზიაში მოსახლეობა ნაადრევად ბერდება. ანალოგიური მდგომარეობა გვაქვს საქართველოშიც. აღნიშნული შესახებ ანგარიში აზიის განვითარების ბანკის 57-ე წლიური შეხვედრის ფარგლებში წარადგინეს. ანგარიშის თანახმად, 2050 წლისთვის 60+ ასაკის მოქალაქეების რაოდენობა აზიასა და წყნარი ოკეანის რეგიონში გაორმაგდება და 1.2 მილიარდს მიაღწევს, რაც რეგიონში მოსახლეობის სრული რაოდენობის მეოთხედია.

მოსახლეობის ნაადრევი დაბერება მნიშვნელოვნად გაზრდის მოთხოვნას პენსიაზე, სოციალური კეთილდღეობის პროგრამებსა და ჯანდაცვის სერვისებზე. მიუხედავად ამისა, რეგიონი მოსახლეობის დაბერებით შექმნილ გამოწვევებთან გასამკლავებლად მზად არ არის.

დაბალი პენსია, ჯანდაცვის პრობლემები, სოციალური იზოლაცია და პირველად სერვისებზე შეზღუდული წვდომა ძირითადი გამოწვევების რიგებშია. ანგარიშის თანახმად, მათ აღმოსაფხვრელად მთავრობებმა შემდეგი ნაბიჯები უნდა გადადგან:

„განხორციელებულმა სტრატეგიებმა ხელი უნდა შეუწყონ ინვესტირებას ჯანდაცვაში, განათლებაში, უნარების ათვისებასა და საპენსიოდ ფინანსურ მზადყოფნაში“, - განაცხადა ADB-ის მთავარმა ეკონომისტმა ალბერტ პარკმა.

ამასთანავე, მთავრობის მხრიდან გადასადგმელი ნაბიჯები მოიცავს საპენსიო პერიოდის დაზღვევას. დასავლეთ ევროპასთან შედარებით, აზიაში ხანდაზმული ადამიანები სიცოცხლის ციკლის განმავლობაში უფრო დიდხანს მუშაობენ. ამასთანავე, 65 წელს გადაცილებული პირების 94% მუშაობს არაფორმალურ სექტორში, რაც ამცირებს მათ წილს ეკონომიკურ განვითარებაში.

„მთავრობებმა უნდა შეიმუშაონ და განახორციელონ კარგად მორგებული და კოორდინირებული პოლიტიკა. ამასთანავე, კერძო სექტორს აქვს მნიშვნელოვანი როლი ასაკოვანი მოქალაქეებისთვის სამუშაო ადგილების შექმნაში. მნიშვნელოვანია, რომ უზრუნველყოფილი იყოს პენსიისთვის შესაფერისი ფინანსური პროდუქტები”, - აღნიშნულია ანგარიშში.

რაც შეეხება საქართველოს, „ბიზნესპრესნიუსის“ კითხვის საპასუხოდ, ანგარიშის ერთ-ერთი ავტორი აიკო კიკავა აცხადებს, რომ საქართველოსთვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა ჯანდაცვის სექტორი და დაავადებებთან ეფექტური ბრძოლა. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ ამ მიმართულებით გააგრძელოს მუშაობა.

„საქართველოს შემთხვევაში სპეციფიკური მდგომარეობა გვაქვს, პროცესები გავლენას ახდენს დემოგრაფიულ სიტუაციაზე. ალბათ, ჯანდაცვა არის მნიშვნელოვანი საკითხი კავკასიასთან მიმართებაში, აქ უფრო მეტი გაუმჯობესება არის საჭირო. მთელი ცხოვრების განმავლობაში ქრონიკული დაავადებების მკურნალობა მნიშვნელოვანი გამოწვევაა. ჯანდაცვის საკითხები არის ყველაზე მნიშვნელოვანი, განსაკუთრებით გვერდითა ფაქტორები: თამბაქოსა და ალკოჰოლის მოხმარება”, - აღნიშნა აიკო კიკავამ.

კითხვაზე, რა ნაბიჯების გადადგმა შეუძლია საქართველოს იმ პირებთან მიმართებაში, ვინც საპენსიო ასაკამდე წყვეტს მუშაობას, ეკონომისტი გვპასუხობს, რომ აღნიშნულთან მიმართებაში სხვადასხვა პროგრამა არსებობს.

„ბევრ ქვეყანაში იგივე პრობლემაა, რაც თქვენ ახსენეთ. რაც შეეხება საპენსიო ასაკამდე მუშაობის შეწყვეტას, არსებობს პროგრამები ამასთან მიმართებაში. მაგალითად, როდესაც ადამიანი მთელი ცხოვრება სწავლობს, შეიძლება მან დაიწყოს მუშაობა ერთ სფეროში და ციკლის განმავლობაში შეინარჩუნოს დასაქმების პოტენციალი“, - გვიპასუხა კიკავამ.

შეგახსენებთ, 2-5 მაისის ჩათვლით საქართველო აზიის განვითარების ბანკის რიგით 57-ე წლიურ შეხვედრებს მასპინძლობს. ქვეყანას ამ დროის პერიოდში სტუმრობენ სხვადასხვა ქვეყნის დელეგაცია და წარმომადგენლები. შეხვედრების ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა მიმართულებით არაერთი პანელური განხილვა.

მერი ტაბატაძე