რა არის ჰაერის დაბინძურების ძირითადი წყარო საქართველოში და როგორია სპეციალისტის რჩევები

„საქართველოში ჰაერის დაბინძურება ყველაზე მეტად დიდ ქალაქებშია პრობლემური“ - როგორც გარემოს დაცვის სამინისტროს ატმოსფერული ჰაერის სამმართველოს ხელმძღვანელი ნოე მეგრელიშვილი რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „თქვენი დრო“ აცხადებს, ინდუსტრიულ ქალაქებში ჰაერის დაბინძურების წყარო საწარმოებია, დედაქალაქში - მანქანების გამონაბოლქვი. მისი თქმით, ამ წყაროს კიდევ შესაძლოა, მივამატოთ ის პრობლემური მავნე ნივთიერებები, რომლებიც გვაქვს.

ნოე მეგრელიშვილი: ჰაერის ხარისხის მონიტორინგი სწორედ ამიტომ კეთდება, რომ ვიცოდეთ, რომელი ნივთიერება რა დოზით არის ჰაერში. ეს საშუალებას გვაძლევს, გავარკვიოთ, რა არის დაბინძურების წყარო.

დღეს უმეტესად გვაქვს ორი სახის დაბინძურება:

  • აზოტის ჟანგეულები, რომელიც არის წვის პროდუქტი და პირდაპირ კავშირშია ავტომობილი გამონაბოლქვთან
  • მყარი ნაწილაკები, რომლის მთავარი ფაქტორიც სამრეწველო სექტორია.

მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რითია დაბინძურებული ჰაერი. „დღემდე დომინირებს საზოგადოებაში არასწორი აზრი იმასთან დაკავშირებით, რომ ჰაერის დამაბინძურებელი ძირითადი წყარო არის ტყვია, რაც სიცრუეა - ძალიან დიდი ხანია ტყვიის შემცველი ბენზინი აღარ დაფიქსირებულა“ - აცხადებს ნოე მეგრელიშვილი.

ატმოსფერული ჰაერის სამმართველოს ხელმძღვანელი სამ რეკომენდაციასაც გვიზიარებს:

  • ფიზიკური აქტივობის შემცირება შენობის გარეთ იმ ქალაქებში, სადაც დაბინძურების დონე მაღალია;
  • მაქსიმალურად შევეცდაოთ არ გამოვიყენოთ ჩვენი კერძო ავტომობილი და გადავიდეთ ველოსიპედზე, ფეხით სიარულსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტზე;
  • ავიმაღლოთ ცნობიერება ჰაერის დაბინძურების შესახებ.
ეკა დარჩიაშვილი