საფრანგეთის ბიუჯეტში 2023 წელს საგზაო მოძრაობის წესების დამრღვევი პირების დაჯარიმებით 2 მლრდ ევროზე მეტი შევიდა, რაც რეკორდული ოდენობაა. ინფორმაციას გაზეთი, Le Figaro საფრანგეთის აუდიტის სამსახურის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.
საჯარიმო შემოსავლის ზრდა ქვეყანაში საგზაო მოძრაობის კამერების მომრავლებას უკავშირდება. კერძოდ, წლის განმავლობაში მათი რიცხვი 4,530-დან 4,661-მდე გაიზარდა.
ამასთან, გამოცემა წერს, რომ ვანდალების მხრიდან დაზიანების შემდეგ კამერების შეკეთება უფრო ოპერატიულად ხდება. წლის განმავლობაში ქვეყანაში მთლიანი კამერების, საშუალოდ, 91% ფუნქციონირებდა.
თუმცა ჯარიმების ეფექტი სულ უფრო ნაკლებად შემზღუდველი ხდება და გზებზე ინციდენტების რაოდენობა რამდენიმე წელია, უცვლელი რჩება. ამდენად, საგზაო კამერების მომრავლებაზე უფრო ეფექტურ ღონისძიებად ექსპერტები ალკოჰოლიზმისა და ნარკომანიის, ასევე, მართვის მოწმობის გარეშე მოძრაობის წინააღმდეგ საფრანგეთის პოლიტიკის შეცვლას ასახელებენ.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ