„არაფერი დგას ჩვენს ხალხზე მაღლა.. გაიწვიეთ ეს კანონი.. ვდგავარ იმ ახალგაზრდების გვერდით ვინც თავიანთ ჯანმრთელობას საფრთხის ქვეშ აყენებენ საქართველოს მომავლისთვის,“ - ასე ეხმაურებიან საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები ბუდუ ზივზივაძე, გიორგი ჩაკვეტაძე და გიორგი ქოჩორაშვილი, ბოლო დღეებში საქართველოში მიმდინარე მოვლენებს.
"ძალიან სამწუხაროა, რომ სპორტსმენს, კონკრეტულად კი ფეხბურთელს უკვე მეორედ მიწევს დავაფიქსირო აზრი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე და არ მიწევს ფეხბურთზე ფიქრი და ევროპის ჩემპიონატისთვის მომზადება, რომ ჩემი ქვეყანა ვასახელო დიდ საფეხბურთო ფორუმზე, მაგრამ როგორც რიგითი საქართველოს მოქალაქე თავს ვალდებულად ვთვლი რომ კვლავ გავიმეორო:
არა რუსეთს და არა ყველაფერს რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს. საქართველოს გზა ევროპაშია. ვდგავარ იმ ახალგაზრდების გვერდით ვინც თავიანთ ჯანმრთელობას საფრთხის ქვეშ აყენებენ საქართველოს მომავლისთვის. ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა.
პ.ს მსურს რომ საქართველო ყოველთვის ისეთი ერთიანი და ბედნიერი იყოს როგორც 26 მარტის ღამეს იყო. მე ვარ საქართველო" - წერს ბუდუ ზივზივაძე.
"მიჭირს და რთულია ვუყურო, როგორ უპირისპირდებიან ჩემს თანამოქალაქეებს, განსაკუთრებით ქალებს და ბავშვებს. არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, არანაირი კანონი არ დგას ამაზე მაღლა. გაიწვიეთ ეს კანონი და კვლავ ისევ ერთიანად გავაგრძელოთ ცხოვრება, როგორც 26 მარტს იყო! უარი რუსეთს, სრული სვლით ევროპისკენ," - წერს გიორგი ჩაკვეტაძე.
"თავისუფლება ძალაა, რომელიც ღმერთმა მოგვცა და ეს თავისუფლება არის ის, რასაც თითოეული ქართველი ფლობს. ის 26 მარტის დღე, რომლის დროსაც ყველა ბედნიერი იყო, ერთმანეთს ვეხუტებოდით და ვზეიმობდით, არ გამქრალა და ჩვენს გულებში ინახება. მაგრამ არაფერია იმაზე მნიშვნელოვანი, ვიდრე ქვეყანა. არცერთი ჩემპიონატი და არცერთი სპორტული ღონისძიება. დიდება და თავისუფლება საქართველოს და არა ძალადობას. არა რუსეთს!! საქართველოს გზა ევროპაშია! მე ვარ საქართველო!," - წერს გიორგი ქოჩორაშვილი.
"ჩვენს ცხოვრებაში დგება მომენტი, როცა დუმილი დანაშაულია. არსებობს ზღვარი, რომლის იქითაც აზრს კარგავს ყველაფერი, დღეს ეს ზღვარი ჩვენი სამშობლოა. სწორედ ამიტომ, არა რუსეთს! არა ძალადობას და მადლობა ყველას, ვინც ამ ღირებულებას საკუთარი სიცოცხლის ფასად იცავს,"- წერს გიორგი ქვილითაია.
"რამდენი ადამიანიც ეს დღეებია რუსთაველის გამზირზეა გამოსული, ამდენივე და ალბათ მეტიც საქართველოს ევროპის ჩემპიონატზე გასვლას ზეიმობდა. ევროპის, რადგან ჩვენი ადგილი მხოლოდ იქაა.საქართველოსთვის თამაში ყოველთვის ყველაზე საამაყო იყო, არის და იქნება. ჩვენ ვართ საქართველო.. ზღაპრის ბოლო კეთილია," - წერს ანზორ მექვაბიშვილი.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი მეორე მოსმენით მიიღო. აღნიშნული კანონპროექტის განხილვები უკვე რამდენიმე დღეა პროტესტის და აქციების ფონზე მიმდინარეობს. საზოგადოების ნაწილი, ვინც ყოველდღიურად აპროტესტებს ამ კანონპროექტის მიღებას, ხელისუფლების მიერ მის გაწვევას ითხოვს.