კაკაოს მარცვლის ფასები ვარდნას განაგრძობს, რითიც არასტაბილურობის ერთი კვირა გახანგრძლივდა, რადგან ბაზარზე ლიკვიდობა ილევა, კომერციული მყიდველები კი შესყიდვებისგან თავს იკავებენ. ინფორმაციას Bloomberg ავრცელებს.
კერძოდ, კაკაოს ფიუჩერსები ნიუ-იორკის ბირჟაზე 7,4%-ით, ანუ ტონაზე 7,670 დოლარამდე დაეცა, რაც მარტის შუა რიცხვებიდან ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. ანალოგიური კლება დაფიქსირდა ლონდონის საფონდო ბირჟაზეც.
Bloomberg-ის შეფასებით, ლიკვიდობის დეფიციტმა ბაზარზე ქაოსი გამოიწვია.
Hightower Report-ის ექსპერტების შეფასებით, „კაკაოს ბაზარზე ზეწოლას ახდენს ის, რომ კომპანიებმა დასავლეთაფრიკული კაკაოს შესყიდვების ნაწილი მომავალ სეზონამდე გადადეს.“
ამასთან, ექსპერტები რთულ ვითარებას უამინდობის გამო ძირითადი მწარმოებელი რეგიონებიდან, კოტ დ'ივუარიდან და განადან კაკაოს მარცვლის შეზღუდულ მიწოდებას უკავშირებენ. ამ ქვეყნების პლანტაციები მსოფლიო მოსავლის, დაახლოებით, 60%-ს იძლევა.
21 თებერვალს Bloomberg-ი წერდა, რომ განამ კონტრაბანდისა და არახელსაყრელი ამინდის გამო მიმდინარე სეზონზე კაკაოს წარმოების პროგნოზი 24%-ით შეამცირა. სააგენტოს პროგნოზით, ქვეყანაში წარმოება შესაძლოა, 14-წლიან მინიმუმამდე დაეცეს. განას კაკაოს საბჭოს აღმასრულებელი დირექტორი, ჯოზეფ ბოაჰენ აიდო აცხადებს, რომ 2023-24 წლების სეზონზე, რომელიც სექტემბერში დასრულდება, 650,000-700,000 ტონა მარცვლის წარმოება არის მოსალოდნელი, მაშინ, როცა წინა პროგნოზირებული მოსავალი 850,000 ტონას შეადგენდა.
ცნობისთვის: კაკაოს საბირჟო ფასებმა 46 წლის მაქსიმუმს ჯერ კიდევ 2023 წლის დეკემბრის დასაწყისში მიაღწია. მაშინ ნიუ-იორკში კაკაოს ფიუჩერსები 1977 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ფასში იყიდებოდა, რაც ტონაზე 4,200 დოლარს აღემატებოდა. ამ ფასად, Bloomberg-ის გამოთვლით, დაახლოებით, 50 ბარელი ნავთობის ყიდვა იყო შესაძლებელი. ICE Futures-ის მიდმინარე წლის აპრილის შუა რიცხვების მონაცემებით, კაკაოს მარცვლის ფიუჩერსების ღირებულებამ ტონაზე 11,000 დოლარს გადააჭარბა და ყველა დროის ახალ მაქსიმუმს მიაღწია.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ