თბილისში ახალი სტადიონის მშენებლობასთან დაკავშირებით მთავრობა უწყებათაშორის კომისიას ქმნის - ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ხელმოწერილ განკარგულებაში.
ამავე განკარგულების მიხედვით, კომისიის შემადგენლობაში იქნებიან: პრემიერ-მინისტრი (კომისიის თავმჯდომარე); ეკონომიკის მინისტრი; კულტურის მინისტრი; ფინანსთა და ინფრასტრუქტურის მინისტრები; თბილისის მერი; საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე; ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი და რაგბის კავშირის პრეზიდენტი.
პრემიერის, ირაკლი კობახიძის ხელმოწერილ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ კომისია საჭიროებისამებრ უნდა შეიკრიბოს და განიხილოს ახალი სტადიონის პროექტირებასა და მშენებლობასთან დაკავშირებული საკითხები.
ცნობისათვის, თბილისში ახალი 70 ათას მაყურებელზე გათვლილი სტადიონის მშენებლობასთან დაკავშირებით განცხადება ირაკლი კობახიძემ რამდენიმე დღის წინ მთავრობის სხდომაზე გააჟღერა. მან სავარაუდო ლოკაციად ვაზიანის ახალი აეროპორტის მიმდებარე ტერიტორია დაასახელა.
„გვინდა დავაანონსოთ მნიშვნელოვანი მეგაპროექტი, რომელიც სპორტს უკავშირდება, კონკრეტულად ფეხბურთსა და რაგბის. გვინდა ავაშენოთ ახალი სტადიონი თბილისში, რომელიც ამ ორი სპორტის სახეობას მოემსახურება. გათვლილი იქნება 70 ათას მაყურებელზე, იქნება უმაღლესი თანამედროვე სტანდარტების სტადიონი, რომელიც მოგვცემს იმის საშუალებას, რომ ვუმასპინძლოთ უმაღლეს რანგის მატჩებს, მათ შორის ჩემპიონთა ლიგის ფინალის ჩათვლით. ეს იქნება ბრიტანული სტილის სტადიონი. სავარაუდო ლოკაცია იქნება ახალი აეროპორტის მიმდებარე ტერიტორია, კომპლექსურად შეიძლება განვითარდეს ეს ტერიტორია. ახალი აეროპორტის მშენებლობა წაადგება სტადიონის სრულად დატვირთვას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.