რა ქონებას ფლობს ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი რაჟდენ კუპრაშვილი

ანტიკორუფციული ბიუროს უფროსმა, რაჟდენ კუპრაშვილმა ქონებრივი დეკლარაცია მიმდინარე წლის 30 აპრილს შეავსო.

დოკუმენტის მიხედვით, ანტიკორუფციულის ხელმძღვანელის სახელზეა 85 000 აშშ დოლარად შეძენილი ბინა თბილისში, ასევე, 452 კვ.მ, ნაჩუქარი საცხოვრებელი სახლი ქუთაისში და მიწის ნაკვეთი წყალტუბოში. გარდა ამისა, სარდაფი და ავტოფარეხი თბილისში, რომელთა საერთო ღირებულება 14 000 აშშ დოლარია.

რაც შეეხება ფინანსურ მდგომარეობას, რაჟდენ კუპრაშვილი დეკლარაციის შევსების მომენტში ფლობდა: საქართველოს ბანკის სადებეტოზე - 3 694,71 ლარს, ხოლო ანაბარზე 852,74 ლარს.

ამავე დოკუმენტის მიხედვით, რაჟდენ კუპრაშვილმა იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის პოსტზე, ხელფასის სახით ერთ თვეში 8 361,6 ლარი მიიღო, ხოლო ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის თანამდებობაზე (2023 წლის თებერვლიდან - დეკემბრის ჩათვლით) 77 705,6 ლარი.

შეგახსენებთ, რომ რაჟდენ კუპრაშვილი 2019 წლის თებერვლიდან იურიდიული დახმარების სახელმწიფო სამსახურის დირექტორად მუშაობდა, ხოლო 2023 წლის თებერვლიდან დღემდე ანტიკორუფციული ბიუროს უფროსად.

ნინი ქეთელაური