ევროპა-აფრიკის პირველი სარკინიგზო ხაზი - 2030 წლის FIFA-ს ჩემპიონატის მასპინძელ ქვეყნებს შორის მატარებელი ივლის

ესპანეთი და მაროკო 20230 წლის FIFA-ს მსოფლიო ჩემპიონატისთვის ერთმანეთს შესაძლოა, რკინიგზით დაუკავშირდეს, რისთვისაც გიბრალტარის სრუტეში წყალქვეშა გვირაბი აშენდება. ჩემპიონატს მაროკო, ესპანეთი და პორტუგალია ერთობლივად უმასპინძლებენ. ინფორმაციას Euronews Travel ავრცელებს.

პირველად სარკინიგზო გვირაბის მშენებლობის იდეა 1979 წელს გაჩნდა, თუმცა მისი რეალიზების საკითხი არასდროს დამდგარა დღის წესრიგში. ამჟამად ესპანეთის ხელისუფლებამ ამ გეგმის აქტიური პოპულარიზაცია დაიწყო.

დღეისთვის ესპანეთის დედაქალაქ მადრიდსა და მაროკოს ქალაქ ტანჟერს შორის ავიარეისს - საათნახევარი, ხოლო ბორნით მგზავრობას ცხრა საათი სჭირდება. გეგმის მიხედვით, გიბრალტარის სრუტეში ახალ წყალქვეშა გვირაბში გამავალ სარკინიგზო ხაზზე სადგურები მადრიდსა და ტანჟერიდან სამხრეთით, 300 კილომეტრში მდებარე კასაბლანკაში მოეწყობა. მათ შორის მატარებლით მგზავრობას, სავარაუდოდ, ხუთნახევარი საათი დასჭირდება და მგზავრობაც უფრო ეკოლოგიური იქნება.

პროექტის მიხედვით, გვირაბის სიგრძე 27,6 კმ იქნება, რომლის მარშრუტიც ესპანეთის ტარიფაის პუნტა პალომადან მაროკოს ტანჟერის პუნტა მალაბატამდე გაივლის. წინასწარი მონაცემებით, მისი მშენებლობა მილიარდობით ევრო დაჯდება, ამიტომ მხარეები ამჟამად პროექტის ეკონომიკურ სარგებელს აფასებენ.

პროექტის დასრულებას, სავარაუდოდ, ხუთ წლამდე დასჭირდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ის 2030 წლის საფეხბურთო ჩემპიონატისთვის მზად იქნება.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ