3 მაისი პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღეა. აღნიშნულთან დაკავშირებით საერთაშორისო ორგანიზაცია „რეპორტიორები უსაზღვრებოდ“ პრესის თავისუფლების ინდექსს აქვეყნებს. რეიტინგში წარმოდგენილი 180 ქვეყნის მონაცემები ეფუძნება პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სამართლებრივ, სოციალურ და უსაფრთხოების ინდიკატორებს.
საქართველოს პრესის თავისუფლების ინდექსი გასულ წელთან შედარებით მნიშვნელოვნად, 26 პუნქტით ჩამოქვეითდა. 2024 წელს საქართველო 77-ე ადგილზე იყო, წელს კი 103-ე ადგილს იკავებს.
განმარტებით ნაწილში ვკითხულობთ, რომ საქართველოში მედია გარემო პოლიტიკურად პოლარიზებულია, მედიის მფლობელები კი ხშირად აკონტროლებენ სარედაქციო შინაარსს. რეგიონული მედიები დაფინანსების პრობლემის წინაშე დგანან, ბეჭდური მედიის მკითხველთა რაოდენობა იკლებს, ონლაინ საინფორმაციო საშუალებების კი იზრდება.
ანგარიშის თანახმად, ქვეყანა განიცდის „სერიოზულ პოლიტიკურ კრიზისს 2020 წლის ოქტომბრის სადავო საკანონმდებლო არჩევნების შემდეგ“. მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობა კრძალავს პოლიტიკური პარტიების მიერ მედიის ფლობას, „მსხვილი ქსელები იმ მფლობელების ინტერესს ატარებენ, რომლებსაც კავშირი აქვთ პოლიტიკურ პარტიებთან.
„იგივე ეხება სახელმწიფო მედიას, რომელიც ექვემდებარება ხელისუფლების ჩარევას. ხელისუფლება უმეტესად უარს ამბობს ისეთ კითხვაზე პასუხის გაცემაზე, რომელიც მათ აკრიტიკებს - ხელისუფლება ზოგჯერ მიმართავს ცენზურას, დარბევას, ცილისწამების კამპანიებს და დაშინებას“, - აღნიშნულია აღწერაში.
სამართლებრივი ჩარჩოს ნაწილის თანახმად, მთავრობას ჯერ კიდევ არ შეუსრულებია ევროკავშირის რეკომენდაცია პრესის თავისუფლების შესახებ, რაც აუცილებელი ნაბიჯი იყო წევრობის შესახებ მოლაპარაკებების დაწყებამდე. ანგარიშში გაკრიტიკებულია ე.წ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი და წერია, რომ „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტი კოპირებულია რუსულიდან“.
„ელექტრონული კომუნიკაციის შესახებ კანონის რეფორმამ აჩვენა ხელისუფლების სურვილი, გააკონტროლოს დამოუკიდებელი რადიოსადგურები და სატელევიზიო ქსელები. იგივე მიზანს ემსახურება კანონპროექტი „უცხოური აგენტების შესახებ“, რომელიც კოპირებულია რუსეთიდან“, - აღნიშნულია ანგარიშში.
პრობლემას წარმოადგენს სარეკლამო ბაზრები მედიაში. მედია საშუალებების უმეტესობა ფინანსურ პრობლემებს განიცდის და ხშირად დაფინანსება დონორებისა და პარტნიორების დახმარებით ხორციელდება.
„ქართული საზოგადოება გამოირჩევა ძლიერი სოციალური დაძაბულობით ისეთ საკითხებში, როგორიცაა რელიგია, LGBTQ+, უფლებები და რუსული გავლენა, რაც გავლენას ახდენს ჟურნალისტურ საქმიანობაზე. გავლენიანი სოციალური ფიგურები, როგორებიც არიან მართლმადიდებელი სასულიერო პირები, უშიშროების სამსახურების საშუალებით ახორციელებენ მოსმენას და არღვევენ ჟურნალისტების წყაროების კონფიდენციალურობას“, - ვკითხულობთ ანგარიშში.
მნიშვნელოვანი გამოწვევაა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა ჟურნალისტების მიმართ, მათ შორის ხელისუფლების მაღალჩინოსნების მხრიდან, განსაკუთრებით საარჩევნო კამპანიის პერიოდში.
„2021 წლის ივლისში ჰომოფობიური კონტრდემონსტრაციების დროს 50-მდე რეპორტიორზე სასტიკი თავდასხმა უპრეცედენტო უკუსვლა იყო საქართველოსთვის. გამოძიების გამჭვირვალობისა და პროგრესის სიმცირე მეტყველებს დაუსჯელობაზე, ჟურნალისტების მიმართ დანაშაულის ჩამდენი პირების მიმართ“, - აღნიშნულია ანგარიშში.