აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, 3 მაისიდან 10 მაისის ჩათვლით პერიოდი გამოცხადებულია უქმე დღედ. ამის შესახებ ინფორმაციას, შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო ავრცელებს.
მათივე ცნობით, 11 მაისიდან მომსახურების სააგენტოს ყველა სტრუქტურული ერთეული მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაახლებს.
„იმ პირებს, რომლებსაც პრაქტიკული გამოცდის პირველ ეტაპზე (მოედანი) გასვლა 3 მაისიდან 10 მაისის ჩათვლით უწევდათ, აღნიშნული დღეების გამოყენების შესაძლებლობა 11 მაისიდან მიეცემათ.
ხოლო იმ პირებს, რომლებსაც თეორიული და პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე აღნიშნულ პერიოდში აქვთ ჯავშანი, გამოცდაზე გასვლას შეძლებენ, ეტაპობრივად, 11 მაისიდან, კონკრეტული თარიღისა და დროის შესახებ დეტალური ინფორმაცია დღის განმავლობაში ეცნობებათ.
იმ პირებს, რომლებსაც სატრანსპორტო საშუალებების განბაჟების ბოლო დღე უწევთ 3 მაისიდან 10 მაისის ჩათვლით პერიოდში, საჯარიმო სანქციები არ დაეკისრებათ და განბაჟების ბოლო ვადად განესაზღვრებათ 13 მაისი,“ - ნათქვამია განცხადებაში.