თურქეთმა ისრაელთან სავაჭრო ურთიერთობა მთლიანად გაწყვიტა

თურქეთმა, სახელმწიფო დონეზე გატარებული ღონისძიებების მეორე ეტაპის ფარგლებში, ისრაელთან დაკავშირებული ექსპორტ-იმპორტის ოპერაციები შეაჩერა, რომელიც საქონლის ყველა ჯგუფს მოიცავს.

ამის შესახებ ქვეყნის ვაჭრობის სამინისტროს განცხადებაში წერია.

“დაიწყო სახელმწიფო დონეზე გატარებული ღონისძიებების მეორე ეტაპი და ისრაელთან დაკავშირებული ექსპორტ-იმპორტის ოპერაციები საქონლის ყველა ჯგუფისთვის შეჩერებულია. თურქეთი მკაცრად და მტკიცედ გაატარებს ამ ახალ ზომებს მანამ, ვიდრე ისრაელის მთავრობა ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების შეუფერხებელ და საკმარის ნაკადს არ დაუშვებს,“ - წერია სამინისტროს განცხადებაში.

უწყების ცნობით, თურქეთმა ისრაელში 54 ჯგუფის საქონლის ექსპორტი ჯერ კიდევ მიმდინარე წლის 9 აპრილიდან შეზღუდა, რაც ცეცხლის შეწყვეტამდე დარჩება ძალაში.

განცხადებაში, ასევე, წერია, რომ თურქეთის ვაჭრობის სამინისტრო შეზღუდვებს პალესტინის ეროვნულ ეკონომიკის სამინისტროსთან კოორდინაციით გაატარებს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ