ADB-ის პრეზიდენტი: ვაკვირდებით საქართველოში არსებულ მდგომარეობას

აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტმა მასაცუგუ ასაკავამ ADB-ის 57-ე ყოველწლიურ შეხვედრაზე უპასუხა კითხვას, “უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტთან დაკავშირებით.

მისი თქმით, აზიის განვითარების ბანკი პოლიტიკურ თემებთან დაკავშირებით განცხადებას ვერ გააკეთებს, თუმცა აღნიშნა, რომ აკვირდებიან საქართველოში მიმდინარე მოვლენებს, რადგან ეკონომიკური და პოლიტიკური სტაბილურობა კეთილდღეობის მიღწევისთვის მნიშვნელოვანი კომპონენტებია.

„აზიის განვითარების ბანკმა არ უნდა გააკეთოს და ვერ გააკეთებს პოლიტიკურ საკითხებზე კომენტარს, მაგრამ ვიტყვი, რომ ვაკვირდებით ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას, ვინაიდან ეკონომიკური და პოლიტიკური სტაბილურობა არის კეთილდღეობის მიღწევის მნიშვნელოვანი საფუძველი. თავისთავად, უფლებრივი ნაწილი მნიშვნელოვანია ნებისმიერ ქვეყნის მოქალაქეებისთვის“, - აღნიშნა მან.

ADB-ის პრეზიდენტმა საუბრისას ყურადღება გაამახვილა სამოქალაქო სექტორის განვითარებაზე და იმ ნაბიჯებზე, რომლებმაც აზიის განვითარების ბანკი ამ მიმართულებით დგამს.

„სამოქალაქო საზოგადოება მნიშვნელოვან როლს ასრულებს ისეთი მხარდაჭერისთვის, რომელსაც აზიის განვითარების ბანკი უზრუნველყოფს. ADB-ი თანამშრომლობს სამოქალაქო საზოგადოებასთან, რომ ერთიანი ძალით გაუმკლავდეს სიღარიბეს, თუ სხვა მნიშვნელოვან საკითხებს. გვესმის, რამდენად კრიტიკულია როგორც მთავრობასთან, ასევე სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობა, რათა მივაღწიოთ მდგრად, მედეგ საზოგადოებას მომავლისთვის“, - განაცხადა მასაცუგუ ასაკავა.

შეგახსენებთ, 2-5 მაისის ჩათვლით საქართველო აზიის განვითარების ბანკის რიგით 57-ე წლიურ შეხვედრებს მასპინძლობს. ქვეყანას ამ დროის პერიოდში სტუმრობენ სხვადასხვა ქვეყნის დელეგაცია, მედიისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები. შეხვედრების ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა მიმართულებით არაერთი პანელური განხილვა.

მერი ტაბატაძე