აზიის განვითარების ბანკი ხელს უწყობს საქართველოს ეკონომიკური ჰაბის განვითარებას - ADB-ის პრეზიდენტი

აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტის, მასაცუგუ ასაკავას განცხადებით, ADB-ი მხარს უჭერს საქართველოს ეკონომიკური ჰაბის განვითარებას. მისი თქმით, ამ მიმართულებით, პრიორიტეტულია ეკონომიკური, სოციალური და ადამიანური კაპიტალის განვითარება.

როგორც მან აზიის განვითარების ბანკის ყოველწლიურ 57-ე შეხვედრაზე აღნიშნა, ამ მიზნების განსახორციელებლად ADB-ი ახორციელებს ტექნიკურ, სასესხო და საგრანტო დახმარებას.

„აზიის განვითარების ბანკმა საქართველოსთან თანამშრომლობა დაიწყო 2007 წელს და ვართ ერთ-ერთი მასშტაბური განვითარების პარტნიორი. დღესდღეობით 3.9 მილიარდი დოლარის დაფინანსება უზრუნველყო აზიის განვითარების ბანკმა სხვადასხვა სასესხო შეთანხმების, ტექნიკური მხარდაჭერის თუ საგრანტო შეთანხმების ფარგლებში ისევე, როგორც მან მნიშვნელოვანი ინვესტირება განხორციელა კერძო სექტორში სხვადასხვა ინსტრუმენტის უზრუნველყოფით. ქვეყნის პარტნიორობის სტრატეგია მხარს უჭერს სამ ძირითად პრიორიტეტს, ეს 2030 წლის სტრატეგიაშია ასახულია და მოიცავს ეკონომიკურ განვითარებას, სოციალურ პოლიტიკას და ადამიანური კაპიტალის განვითარებას და საჯარო მმართველობა. აღნიშნულ ფოკუსებში გავაგრძელებთ საქართველოს მხარდაჭერას“, - დასძინა მან.

მასაცუგუ ასაკავამ ყურადღება გაამახვილა საქართველოსთან თანამშრომლობაზე. მისი თქმით, ქვეყანა ADB-სთვის პრიორიტეტულია მისი მდებარეობის გამო აღმოსავლეთ-დასავლეთის გზაგასაყარზე და მნიშვნელოვანია მისი როლი რეგიონში.

„საქართველო მდებარეობს აღმოსავლეთ-დასავლეთის გზაგასაყარზე, ასე რომ, მასთან თანამშრომლობას დიდი მნიშვნელობას ვანიჭებთ რეგიონული თანამშრომლობის ჭრილში. ამ მიმართულებით აზიის განვითარების ბანკი ხელს უწყობს საქართველოს ეკონომიკური ჰაბის განვითარებას, ფინანსური, კლიმატური, გარემოს დაცვითი, მდგრადი ენერგიის თუ სხვა მიმართულებით, რომლებიც თავისთავად უზრუნველყოფს ჯაჭვში საქართველოს მძლავრ ჩართვას, რათა უფრო მეტი პოტენციალი იყოს რეგიონში ათვისებული“, - განაცხადა მასაცუგუ ასაკავამ.

შეგახსენებთ, 2-5 მაისის ჩათვლით საქართველო აზიის განვითარების ბანკის რიგით 57-ე წლიურ შეხვედრებს მასპინძლობს. ქვეყანას ამ დროის პერიოდში სტუმრობენ სხვადასხვა ქვეყნის დელეგაცია, მედიისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები. შეხვედრების ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა მიმართულებით არაერთი პანელური განხილვა.

მერი ტაბატაძე