აზიის განვითარების ბანკის (ADB) 57-ე წლიური შეხვედრის ფარგლებში, რომლის მასპინძელი ქვეყანა საქართველოა, ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, ეკატერინე მიქაბაძემ მდგრადი დაფინანსების თემაზე გამართულ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.
მათივე ცნობით, აღნიშნული დისკუსია Galt & Taggart-ისა და „თიბისი კაპიტალის“ ორგანიზებით გაიმართა. დისკუსიის მთავარი თემა მდგრადი დაფინანსება და კაპიტალის ბაზრის განვითარებაში გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობითი საკითხების მნიშვნელობა იყო.
სიტყვით გამოსვლისას მან ყურადღება გაამახვილა კაპიტალის ბაზრის განვითარების მნიშვნელობასა და იმ ინიციატივებზე, რომელსაც ეროვნული ბანკი ბაზრის სტიმულირებისთვის ახორციელებს.
"2023 წელი კაპიტალის ბაზრის განვითარების მიმართულებით გამორჩეული იყო, ბაზარი თითქმის გაორმაგდა. ვიმედოვნებთ, რომ ეს ტენდენცია გაგრძელდება და შენარჩუნდება. ამის საფუძველი რა თქმა უნდა, ის საკანონმდებლო ღონისძიებები და თარგეთირებული ინიციატივებია, რომელიც ტარდება ეროვნული ბანკის მიერ", - აღნიშნა ეკატერინე მიქაბაძემ.
მისივე განცხადებით, კვლავ გაგრძელდება კონკრეტული პროგრამები, რაც ბაზრის განვითარების პოზიტიური ტენდენციების შექმნის საფუძვლად იქცა.
პანელზე გამოსვლისას, სებ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ მდგრად დაფინანსებაზე მოთხოვნა როგორც გლობალურად, ასევე საქართველოში იზრდება და ეროვნული ბანკი აქტიურად მუშაობს ამ მიმართულებით, რათა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი და საქართველოს ბაზრის სპეციფიკას მორგებული რეგულაციები და საზედამხედველო წესები შეიმუშაოს.
ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდნენ ადგილობრივი და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლები.
სემინარის ფარგლებში ბაზრის მოთამაშეებმა, ინვესტორებმა და ემიტენტებმა, კაპიტალის ბაზრის მდგრადი განვითარების პერსპექტივები და ის საინვესტიციო პროექტები მიმოიხილეს, რომლებიც საქართველოში და განვითარებად ქვეყნებში ESG და მწვანე ობლიგაციების ბაზრის ზრდასა და განვითარებას ემსახურება.
აზიის განვითარების ბანკის (ADB) 57-ე ყოველწლიურ შეხვედრას, საქართველო 2-5 მაისს, პირველად მასპინძლობს. ყოველწლიური შეხვედრა არის პლატფორმა, სადაც ADB, პარტნიორებთან ერთად, აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის წინაშე არსებულ გამოწვევებსა და ამ გამოწვევების გადაჭრის გზებს განიხილავს.