კახა კალაძე ენერგეტიკაში ინვესტიციების შემცირებას ლარის დევალვაციას უკავშირებს

ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 2015 წლის პირველ კვარტალში ენერგეტიკის სფეროში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემცირებას ლარის დევალვაციას უკავშირებს.

როგორც კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ლარის გაუფასურებამ დარგში არსებულ კომპანიებს სერიოზული პრობლემები შეუქმნა. "ეს ყველაფერი გამოწვეულია ლარის დევალვაციის გამო. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ ლარის გაუფასურებამ სერიოზული პრობლემები შეუქმნა დარგში არსებულ კომპანიებს, ძირითადად, ეს არის სადისტრიბუციო კომპანიები. ფაქტობრივად, ყველა კომპანიამ, რომლებიც დღეს ბაზარზე არინ, ზარალი დააფიქსირა. ჩვენ ამაზე ძალიან ბევრჯერ ვისაუბრეთ. ძალიან ბევრს ვმუშაობთ. მე ვიცი, რომ გარკვეულ კომპანიებს მარეგულირებელ კომისიაში აქვთ შეტანილი განაცხადი ტარიფთან დაკავშირებით. დაველოდოთ სემეკის გადაწყვეტილებას", - განაცხადა კალაძემ.