„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მოწინააღმდეგეები სასტუმრო „პარაგრაფთან“ არიან შეკრებილები.
აქციის ორგანიზატორები, მოძრაობა „სირცხვილიას” წევრები აცხადებენ, რომ მათი მიზანია, კონფერენციის წევრებს მიაწოდონ ხმა.
„დღეს, არის აზიის განვითარების ბანკის რიგით 57-ე კონფერენცია. ძალიან დიდი წარმომადგენლობითი კონფერენციაა, ამიტომ ჩვენი მთავარი მიზანია ამ ადამიანებამდე მივიტანოთ ჩვენი სათქმელი, ავუხსნათ რა ხდება ამ ქვეყანაში და თუ რას წარმოადგენს რეალურად ეს კანონი. 2007 წლიდან აზიის განვითარების ბანკისგან ქვეყანას სესხის სახით მიღებული აქვს 3,9 მილიარდი დოლარი სხვადასხვა სექტორის განვითარებისთვის. ძალიან კომიკურია, რომ ახალგაზრდებს არბევენ, იჭერენ ამ კანონის გაპროტესტებისთვის. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ამ კონფერენციაზე დამსწრებმა ადამიანებმა იცოდნენ რის გამო ვდგავართ და დაგვეხმარონ გაპროტესტებაში და მთავარი მესიჯების გაჟღერებაში”,- განაცხადა „სირცხვილიას“ ერთ-ერთმა წევრმა მარიამ გეგუჩაძემ.
შეკრებილები სკანდირებენ - „არა რუსულ კანონს!“
აქციის მონაწილეების განცხადებით, ისინი აპირებენ კონფერენციის ბოლომდე, 21:00 საათამდე იყვნენ სასტუმრო „პარაგრაფთან“, შემდეგ კი „ქართული ოცნების“ ოფისისკენ გადავლენ მსვლელობით.
სასტუმროს მიმდებარედ მობილიზებულია პოლიცია. სამართალდამცავები დგანან „პარაგრაფის” ორივე შესასვლელთან.
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, ვაჟა სირაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აქციის მონაწილეებს მოუწოდა, მშვიდ ვითარებაში გამოხატონ პროტესტი.
"ვიცავთ საზოგადოებრივ წესრიგს. როგორც მოგეხსენებათ მიმდინარეობს კონფერენცია. აქციის მონაწილეები უკვე მოსულები არიან. მათ მოვუწოდებ, რომ მშვიდ ვითარებაში გამოხატონ თავიანთი პროტესტი", - განაცხადა სირაძემ.