ირაკლი კობახიძე: ჩვენი ნაბიჯებით ვქმნით ეკონომიკურად ძლიერ მომავალს შემდგომი თაობებისთვის

„დღევანდელი შეხვედრის მოტივია ხიდი მომავლისთვის, რაც საჭირო პლატფორმას გვთავაზობს ეკონომიკური განვითარების ტენდენციების განსახილველად“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აზიის განვითარების ბანკის 57-ე წლიურ შეხვედრაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯებით ქმნიან „ეკონომიკურად ძლიერ მომავალს შემდგომი თაობებისთვის“.

„დღევანდელი შეხვედრის მოტივია ხიდი მომავლისთვის, რაც საჭირო პლატფორმას გვთავაზობს ეკონომიკური განვითარების ტენდენციების, ჩვენი საერთო მიზნების, საერთო გეგმების, რეგიონული თუ გლობალური კრიზისების დაძლევის პერსპექტივების განსახილველად. ამავე დროს, ეს ფრაზა საუკეთესოდ ასახავს საქართველოს კურსს. ჩვენი გადაწყვეტილებებით და ნაბიჯებით ვქმნით ეკონომიკურად ძლიერ უსაფრთხო და დაცულ მომავალს შემდგომი თაობებისთვის. ამ ხედვას აძლიერებს ჩვენი სტრატეგიული მდებარეობა, რომელიც საქართველოს ევროპასა და აზიას შორის დამაკავშირებელ ხიდად აქცევს. ჩვენი უნიკალური მდებარეობა გვაძლევს საშუალებას ერთდროულად ვიყოთ ევროპის ნაწილი და ამავე დროს ღირსეულად ვატარებდეთ ისტორიული აბრეშუმის გზის ერთ-ერთი მემკვიდრის სტატუსს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, 2-5 მაისის ჩათვლით საქართველო აზიის განვითარების ბანკის რიგით 57-ე წლიურ შეხვედრებს მასპინძლობს. ქვეყანას ამ დროის პერიოდში სტუმრობენ სხვადასხვა ქვეყნის დელეგაცია, მედიისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები. შეხვედრების ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა მიმართულებით არაერთი პანელური განხილვა.

მერი ტაბატაძე