ველით პარტნიორებისგან ჩართულობას, რათა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელების პროექტი განვითარდეს - პრემიერი

„ჩვენ ვაგრძელებთ ინვესტირებას საქართველოს მრავალგანზომილებიან რეგიონულ ჰაბად გარდაქმნაში, რათა სრულად ავითვისოთ ქვეყნის სტრატეგიული მდებარეობის პოტენციალი“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აზიის განვითარების ბანკის 57-ე წლიურ შეხვედრაზე განაცხადა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, ელის მჭიდრო ჩართულობას პარტნიორებისგან, რათა შავი ზღვის წყალქვეშა ელექტრო და ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელების პროექტი განვითარდეს.

„მთავრობის დღის წესრიგში მთავარი პრიორიტეტი არის დაკავშირებადობა. ჩვენ ვაგრძელებთ ინვესტირებას საქართველოს მრავალგანზომილებიან რეგიონულ ჰაბად გარდაქმნაში, რათა სრულად ავითვისოთ ქვეყნის სტრატეგიული მდებარეობის პოტენციალი. მიმდინარე რეგიონული კრიზისების ფონზე, ენერგიისა და სავაჭრო სატრანსპორტო ალტერნატიული მარშრუტები გადამწყვეტია საერთაშორისო სტაბილურობის, ენერგეტიკისა და სურსათის უსაფრთხოებისთვის. ამის გათვალისწინებით, ჩვენ ველით უფრო მჭიდრო ჩართულობას ჩვენი პარტნიორების მხრიდან, რათა წინ წავიწიოთ ისეთი საკვანძო სტრატეგიული პროექტების მიმართულებით, როგორიცაა შავი ზღვის წყალქვეშა ელექტრო და ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელები, შავ ზღვაში საბორნე მიმოსვლის სერვისები და სხვა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, 2-5 მაისის ჩათვლით საქართველო აზიის განვითარების ბანკის რიგით 57-ე წლიურ შეხვედრებს მასპინძლობს. ქვეყანას ამ დროის პერიოდში სტუმრობენ სხვადასხვა ქვეყნის დელეგაცია, მედიისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები. შეხვედრების ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა მიმართულებით არაერთი პანელური განხილვა.

მერი ტაბატაძე