ხელს შევუწყობთ ხელოვნური ინტელექტის გონივრულ გამოყენებას ეკონომიკური ზრდისთვის - ADB-ის პრეზიდენტი

„ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია ციფრული ტექნოლოგიების განვითარება, რათა დიდი სიფრთხილით მოხდეს ხელოვნური ინტელექტის გამოყენება“, - ამის შესახებ აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტმა მასაცუგუ ასაკავამ აზიის განვითარების ბანკის 57-ე წლიური შეხვედრის ფარგლებში განაცხადა.

როგორც ABD-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, აზიის განვითარების ბანკი ხელს შეუწყობს ქვეყნებს, მათ შორის საქართველოს, რათა ეკონომიკური წინსვლისთვის ხელოვნური ინტელექტი გონივრულად გამოიყენონ.

„ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია ციფრული ტექნოლოგიების განვითარება, რათა დიდი სიფრთხილით მოხდეს ხელოვნური ინტელექტის გამოყენება იმისთვის, რომ ეკონომიკური ზრდა იყოს უზრუნველყოფილი და ამავდროულად ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის და კლიმატის ცვლილებების სფეროში არსებული გამოწვევები იქნეს დაძლეული. მინდა ვთქვა, რომ ქვეყნებს არ ექნებათ განვითარების შესაძლებლობა, თუ არ გამოიყენებენ ამ ტექნოლოგიებს. ეს უნდა იყოს ძალიან გამჭვირვალე და დიდი სიფრთხილით გამოყენებული. აზიის განვითარების ბანკი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ხელოვნური ინტელექტის საშუალებები და ტექნოლოგია იქნეს გონივრულად გამოყენებული ეკონომიკური ზრდისა და ციფრული წყვეტის და დისბალანსის ამოსავსებად. ყველაფერი იქნება იმისთვის, რომ მომავალი იყოს უზრუნველყოფილი“, - განაცხადა მასაცუგუ ასაკავამ.

შეგახსენებთ, 2-5 მაისის ჩათვლით საქართველო აზიის განვითარების ბანკის რიგით 57-ე წლიურ შეხვედრებს მასპინძლობს. ქვეყანას ამ დროის პერიოდში სტუმრობენ სხვადასხვა ქვეყნის დელეგაცია, მედიისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები. შეხვედრების ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა მიმართულებით არაერთი პანელური განხილვა.

მერი ტაბატაძე