KLM-ის ბორტგამცილებლები სამსახურში ბოტასებით სიარულს შეძლებენ

ნიდერლანდების უმსხვილესმა ავიაკომპანია KLM-მა ქალ ბორტგამცილებლებსა და სხვა თანამშრომლებს სამსახურში სპორტული ფეხსაცმლით სიარულის უფლება მისცა. ინფორმაციას “ევროპულსი” ავრცელებს.

მანამდე ქალ ბორტგამცილებლებს მხოლოდ მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის ტარების უფლება ჰქონდათ, ხოლო ქუსლის სიმაღლეს ისინი საკუთარი შეხედულებისამებრ ირჩევდნენ. გამონაკლისი კეთდებოდა მხოლოდ იმ თანამშრომლებისთვის, რომლებიც ჯანმრთელობის მიზეზების გამო მაღალქუსლიან ფეხსაცმელს ვერ ატარებენ.

ამიერიდან ქალებს, ისევე, როგორც მამაკაცებს, სურვილის შემთხვევაში სპორტული ფეხსაცმლის ტარება შეუძლიათ. თუმცა ავიაკომპანიამ გარკვეული პირობები დააწესა. კერძოდ, სპორტული ფეხსაცმლის ჩაცმა მხოლოდ შარვალზე არის დასაშვები და ის უნიფორმის ფერსა და სტილს უნდა შეესაბამებოდეს. ამასთან, სპორტული ფეხსაცმელი ხელოვნური ტყავისგან უნდა იყოს დამზადებული და თეთრი ძირი ჰქონდეს.

ასევე, KLM-მა ერთ-ერთ ვარიანტად, ტანსაცმლის ნიდერლანდურ ბრენდთან თანამშრომლობით, საკუთარი ფეხსაცმელი შეიმუშავა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ