ევროკავშირმა ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ პირველი საერთო ევროპული წესები მიიღო

ევროკავშირმა ოჯახური და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ საბრძოლველად პირველი საერთო ევროპული წესები მიიღო. ინფორმაციას “ევროპულსი” ავრცელებს.

ახალი კანონის მიხედვით, დანაშაულად არის აღიარებული ქირურგიული ოპერაციით ქალის სასქესო ორგანოს დასახიჩრება, იძულებითი ქორწინება, თანხმობის გარეშე ინტიმური სურათების გავრცელება და კიბერადევნება. ამასთან, ასეთ დანაშაულებში დამამძიმებელ გარემოებად ჩაითვლება, თუ მსხვერპლი კანის ფერის, სექსუალური ორიენტაციის, რელიგიის, სოციალური წარმომავლობის ან პოლიტიკური შეხედულების გამო ექვემდებარება ძალადობას.

იმის მიუხედავად, რომ ეს დანაშაულები ევროკავშირის წევრი ქვეყნების უმეტესობაში დანაშაულად ითვლება, ხოლო ქალის სასქესო ორგანოს დასახიჩრება ბლოკის ყველა სახელმწიფოში აკრძალულია, რამდენიმე ქვეყნის ეროვნული კანონმდებლობის სამართლებრივ ბაზაში განსხვავებები არსებობს. ამდენად, ახალი საერთოევროპული წესები ამ ხარვეზის შესავსებად შეიქმნა.

კერძოდ, იძულებითი ქორწინება, მინიმუმ, სამი წლით თავისუფლების აღკვეთით დაისჯება, ხოლო დაზარალებულებს საშუალება ექნებათ, კრიმინალებისგან ძალადობით მიყენებული ზიანის სრული კომპენსაცია მოითხოვონ. ამასთან, როცა ძალადობა გავლენას ახდენს ბავშვებზე, სახელმწიფო ბავშვთან მომუშავე პროფესიონალების დახმარებას უზრუნველყოფს.

ახალ წესებთან თავიანთი კანონმდებლობის შესაბამისობაში მოსაყვანად წევრ ქვეყნებს სამი წელი ეძლევათ.

ევროკომისიის მონაცემებით, ევროკავშირში რაიმე სახის ძალადობას ყოველი მესამე ქალი განიცდის.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ