2024 წელს საქართველოში რეკორდული ღირებულების ღვინო შემოვიდა - სად ვყიდულობთ

2024 წლის პირველ სამ თვეში, საქართველომ რეკორდული ღირებულების ყურძნის ნატურალური ღვინის იმპორტი განახორციელა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, პირველ კვარტალში ქვეყანამ 1.169 მლნ დოლარის ღვინო იყიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 11,9%-ით მეტია. 2023 წლის პირველ კვარტალში იმპორტირებული ღვინის ჯამური ღირებულება 1.044 მილიონი იყო.

აღნიშნული მაჩვენებელი ყველაზე დიდია ისტორიაში, რასაც ვერ ვიტყვით ღვინის მოცულობაზე. იმპორტირებული ღვინის რაოდენობა წლევანდელ მაჩვენებელს 2022 წელს აჭარბებდა. მაშინ საქართველომ 21,6%-ით მეტი, 192 ტონა ყურძნის ნატურალური ღვინო იყიდა, მაგრამ უფრო დაბალ ფასად. 1 ლიტრის საშუალო ღირებულება - 4.87 დოლარს შეადგენდა, წელს კი 7.40-მდე არის გაზრდილი (+51,9%).

საქსტატის მონაცემების თანახმად, ყველაზე მეტი 64.77 ტონა ღვინო იტალიაში შევიძინეთ. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ზრდა 31,3%-ია. უმნიშვნელოდ, 0.4 დოლარით დაიკლო ერთი ლიტრის ფასმა. მეორე ადგილს რუსეთი იკავებს - 42,98 ტონით, მესამე და მეოთხე ადგილს კი შესაბამისად საფრანგეთი (21,51 ტ) და ესპანეთი (6,92 ტ) ინაწილებენ.

მიუხედავად იმისა, რომ საფრანგეთი მოცულობის მიხედვით მესამეა, იმპორტირებული ღვინის ღირებულების თვალსაზრისით ლიდერია. 1 ლიტრი ფრანგული ღვინის ფასი 20.41 დოლარია და ყველა სახვა ქვეყნის ღვინოების საშუალო ფასს 3,46-ჯერ აღემატება. მნიშვნელოვანია ისიც, რომ შარშადელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით საფრანგეთიდან ღვინის იმპორტის მოცულობა თითქმის გაორმაგებულია. 2023 წლის პირველ სამ თვეში საფრანგეთისგან 11 ტონა ღვინო მივიღეთ, წელს 21,5 ტონა (+92,4%). ამ ქვეყნეებს შორის, ყველაზე იაფად ღვინოს რუსეთისგან ვყიდულობთ, 2024 წლის პირველ კვარტალში 1 ლიტრის ღირებულება 2,68 დოლარი იყო.

რაც შეეხება 2023 წელს, საქართველოს ღვინის იმპორტისთვის ეს წელიც რეკორდული აღმოჩნდა. ჩვენმა ქვეყანამ წლის განმავლობაში 5.938 მილიონი დოლარის ღვინო იყიდა. საშუალოდ 1 ლიტრის ფასი 9,4 დოლარი იყო, დაახლოებით 2 დოლარით მეტი, ვიდრე 2022 წელს. როგორც საქსტატის მონაცემებიდან ირკვევა, ღირებულებისგან განსხვავებით შემცირებული იყო იმპორტირებული ღვინის მოცულობა. 2022 წელს საქართველოში 691 ტონა ღვინო შემოვიდა, 2023 წელს კი 629 ტონა (-9%). Migration dialogue-ს კვლევის მიხედვით, ღვინის გლობალური წარმოება 2023 წელს 244 მილიონი ჰექტოლიტრით შემცირდა, ასევე შემცირებული იყო ღვინოზე მოთხოვნაც. კლების შესაძლო მიზეზი ესეც შეიძლება იყოს.

ბოლო ათი წლის განმავლობაში ეს მეორე შემთხვევაა, როდესაც იმპორტირებული ღვინის რაოდენობის კლება დაფიქსირდა. 2023 წლამდე, ქვეყანაში შემოსული ღვინის მოცულობა, პანდემიის გამო, 2020 წელსაც შემცირდა. მაშინ კლება გაცილებით მეტი - 37% იყო (-192 ტონა). თუმცა, ერთი ლიტრის ღირებულება 2 დოლარზე მეტად გაიზარდა და 8,90 დოლარი შეადინა.

ცნობისთვის, 2021 წელს საქართველომ 513 ტონა ღვინო იყიდა, ხოლო 2020-ში მხოლოდ 321 ტონა.

საქსტატის მონაცემებით, 2023 წელს საქართველოში იმპორტირებული 629.65 ტონა ყურძნის ნატურალური ღვინიდან 502 ტონაზე მეტი ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან იყო.

მართალია მცირე რაოდენობით, მაგრამ საქართველო ღვინოს მეზობელი სომხეთისგანაც ყიდულობს. შარშან, წლის განმავლობაში, იმპორტი 17 ტონამდე იყო.

მოამზადა თორნიკე მაისაშვილმა