Apple-ის გაყიდვები თითქმის ყველა ქვეყანაში მცირდება

BBC-ის ინფორმაციით, ბოლო მონაცემების მიხედვით, Apple-ის გაყიდვები მსოფლიოს მასშტაბით, ევროპის გარდა, თითქმის ყველა ბაზარზე მცირდება.

კომპანიაში აცხადებენ, რომ მიმდინარე წლის პირველ სამ თვეში, მათ სმარტფონებზე მოთხოვნა 10%-ით არის შემცირებული. თუმცა Apple-ი ელოდება, რომ მომდევნო თვეებში გაყიდვები გაიზრდება.

რაც შეეხება შემოსავლებს, ბოლო ერთი წლის მანძილზე რეკორდულად დაბალი იყო. კერძოდ, შემოსავლები შემცირდა 4%-ით და 90,8 მილიარდი დოლარი შეადგინა.

გაყიდვები განსაკუთრებით შემცირებულია ჩინეთის ბაზარზე (8%-ით). როგორც BBC-ი წერს, აღნიშნული გამოწვეულია ადგილობრივ ბაზარზე Huawei-სთან მძლავრი კონკურენციით.

მერი ტაბატაძე