თბილისის მთავრობას ქონების აუქციონის გარეშე განკარგვის უფლებამოსილება ეძლევა

თბილისის მთავრობას ქონების პირდაპირი წესით – აუქციონის გარეშე განკარგვის უფლებამოსილება ეძლევა.

თბილისის მიერ ქონების პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების შემოღებას "ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში" დაგეგმილი ცვლილებები ითვალისწინებს. პროექტი პარლამენტს რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ტრიპოლსკიმ და დეპუტატმა გია ჟორჟოლიანმა წარუდგინეს, რომელიც გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტს ხელმძღვანელობს.

"ეს შესაძლებელს გახდის იმ სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულებას, რომლითაც თბილისის მერიას გარკვეული პირებისათვის ქონების საკუთრებაში გადაცემა დაევალა. ასევე შესაძლებელი გახდება მოსახლეობის კანონიერი ინტერესების დროულად დაკმაყოფილება. აღსანიშნავია ისიც, რომ მსხვილი საინვესტიციო პროექტების განხორციელების სანაცვლოდ, ინვესტორი ხშირად ქონების პირდაპირი განკარგვის წესით საკუთრებაში გადაცემას ითხოვს. ზემოაღნიშნული პროცედურა გაამარტივებს დედაქალაქში ინვესტიციების მოზიდვას, გაზრდის მის შემოსავალს, შექმნის მოსახლეობის დასაქმების დამატებით შესაძლებლობას, ხოლო დედაქალაქი გამოიყენებს დაგროვებულ შემოსავალს მოქალაქეთა ინტერესების დასაკმაყოფილებლად", - აღნიშნულია განმარტებით ბარათში, რომელიც პარლამენტში ინიცირებულ პროექტს ერთვის.

ამასთან, პროექტის თანახმად, თბილისის თვითმმართველი ერთეულის ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისას, საპრივატიზებო ფასის გადახდის ნაცვლად, შესაძლებელი გახდება თბილისის მუნიციპალიტეტისათვის სანაცვლო ქონების გადაცემა (გაცვლა), რაც როგორც ავტორები აცხადებენ, საშუალებას იძლევა, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების შემთხვევაში, კერძო მესაკუთრეებისგან შესაბამისი უძრავი ქონების გამოსყიდვა, ექსპროპრიაციის პროცედურის გარეშე განხორციელდეს.

კანონის დღეს მოქმედი რედაქცია მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული წილებისა და აქციების მხოლოდ აუქციონის ფორმით პრივატიზებასა და მართვის უფლებით გადაცემას ითვალისწინებს. პარლამენტისთვის შეთავაზებული საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად კი, თბილისის საკუთრებაში არსებული წილებისა და აქციების პრივატიზება - მართვის უფლებით გადაცემა პირდაპირი განკარგვის წესითაც მოხდება.

"ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში" დაგეგმილი ცვლილებებით სიახლეა ისიც, რომ დედაქალაქის მთავრობა ქონების მართვისა და განკარგვის სფეროში რიგ გადაწყვეტილებებს საკრებულოს გარეშე მიიღებს. ეს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სახელმწიფოს საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემასაც შეეხება. კერძოდ, "ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის" თანახმად, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონება, მათ შორის არასასოფლო-სამეურნეო და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები (შენობა-ნაგებობებით ან მათ გარეშე), აგრეთვე წილები/აქციები სახელმწიფოს საკუთრებაში უსასყიდლოდ საკრებულოს გადაწყვეტილებით გადაეცემა. კანონში დაგეგმილი ცვლილებებით კი, აღნიშნულ საკითხზე გადაწყვეტილებას არა საკრებულო, არამედ თბილისის მთავრობა მიიღებს. ასევე ჩნდება რეგულაცია, რომლის მიხედვით, მუნიციპალიტეტი უფლებამოსილი იქნება, საკუთარი ქონება უსასყიდლოდ გადასცეს არა მარტო სახელმწიფოს, არამედ ავტონომიურ რესპუბლიკასაც.