რუსეთმა ლერწმის და ჭარხლის შაქრის, ასევე ქიმიურად სუფთა საქაროზის ექსპორტი დროებით აკრძალა. შეზღუდვა ძალაში იქნება 2024 წლის 31 აგვისტომდე.
რუსეთის მთავრობის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ შეზღუდვა მიზნად ისახავს „სურსათის შიდა ბაზრის სტაბილურობის შენარჩუნებას“.
დადგენილებაში გამონაკლისის სახით შეტანილია 4 ქვეყანა, სადაც ექსპორტი კვლავ განხორციელდება: სომხეთი, ბელორუსი, ყაზახეთი და ყირგიზეთი.
„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, რა წილი აქვს საქართველოში შაქრის იმპორტში რუსეთს. საქსტატის მონაცემების თანახმად, 2024 წლის პირველ სამ თვეში რუსეთის წილი შაქრის იმპორტში მცირე (0.87%) იყო, მეტიც საანგარიშო პერიოდში რუსეთს იმპორტიორთა შორის მე-7 ადგილი ეკავა. კერძოდ, მიმდინარე წლის სამ თვეში იმპორტირებულია 10,226 მლნ დოლარის 12,735 ტონა შაქარი, საიდანაც 88 680 დოლარის, 125 ტონა რუსეთზე მოდის.
ცნობისთვის, საქართველოში შაქრის უმსხვილესი იმპორტიორი ქვეყნები საფრანგეთი, თურქეთი, ნიდერლანდები, ბელგია, მაროკო და აზერბაიჯანი არიან.