ენერგეტიკაში 300 მლნ აშშ დოლარამდე ინვესტიცია ხორციელდება

ენერგეტიკაში 300 მლნ აშშ დოლარამდე ინვესტიცია ხორციელდება, - აღნიშნულთან დაკავშირებით ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ, "საპარტნიორო ფონდის" აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ ნათია თურნავამ, "საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის" დირექტორმა დავით თვალაბეიშვილმა, შპს "გარდაბნის თბოელექტროსადგურის" დირექტორმა ლაშა მგელაძემ, "ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის" გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ამბოკაძემ და კომპანია "Pegasus EastWest Ltd"-ს წარმომადგენელმა რაფი კამინერმა გარდაბნის კომბინირებული თბოელექტროსადგურის შესახებ იმპლემენტაციის ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი.

ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, ლარის კურსის დასტაბილურების მიზნით მთავრობამ თბილისსა და რეგიონებში სხვადასხვა ობიექტების პრივატიზება გამოაცხადა. გარდაბნის კომბინირებული თბოელექტროსადგური გამოცხადებული საპრივატიზაციო ნუსხიდან პირველი ობიექტია, რომელზეც იმპლემენტაციის ხელშეკრულება ფორმდება.

უწყების ინფორმაციით, პროექტი საქართველოს საპარტნიორო ფონდმა და სს "საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ" ერთობლივად განახორციელეს შპს "გარდაბნის თბოელექტროსადგურის" მეშვეობით. პროექტის განხორციელებისთვის დაახლოებით, 230 მლნ აშშ დოლარია დახარჯული. თბოელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრე 230 მგვტ-ს შეადგენს და მის მშენებლობას უმსხვილესი თურქული კომპანია - ÇALIK ENERJİ ახორციელებს.

იმპლემენტაციის ხელშეკრულების თანახმად, "Pegasus EastWest Ltd" გარდაბნის თბოელექტროსადგურის მფლობელ კომპანიას - შპს "გარდაბნის თბოელექტროსადგურს" იძენს. ამ ეტაპზე ნასყიდობის შეთანხმებული ღირებულება 290 მლნ აშშ დოლარს წარმოადგენს.  "მოხარულები ვართ, რომ დავასრულეთ ჩვენი პირველი ინსვესტიცია საქართველოში. ჩვენთვის დიდი პატივი იყო ნავთობისა და გაზის კორპორაციასთან და საპარტნიორო ფონდთან თანამშრომლობა. ჩვენი დიდი გეგმები გაქვს საქართველოში. ჩვენ გვჯერა საქართველოსი, მისი ეკონომიკის და ყველაზე მეტად, გვჯერა ქართველი ხალხის. ჩვენ გვჯერა, რომ შემდეგი 2 წლის განმავლობაში საქართველოში დიდი მიღწევები იქნება და მზად ვართ ინვესტიციების მომავალი ეტაპისთვის", - განაცხადა კომპანია "Pegasus EastWest Ltd"-ს წარმომადგენელმა რაფი კამინერმა.

როგორც ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ აღნიშნა, ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ქვეყანაში ახალი ინვესტიციები შემოდის. "ჩვენი დარგი არის ძალიან საინტერესო. ამ დარგში ზოგადად, მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება ხდება. დღევანდელი ხელმოწერა ნიშანია იმისა, რომ ენერგეტიკის დარგი უცხოელი ინვესტორებისთვის ძალიან მიმზიდველი და საინტერესოა. დღეს გავაფორმეთ ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებს გარდაბნის თბოელექტროსადგურის გასხვისებას. ჩვენ ამაზე დიდი ხანია ვსაუბრობდით. ლარის კურსის დასტაბილურების მიზნით იყო გარკვეული ობიექტების პრივატიზება გამოცხადებული და ეს თბოელექტროსადგური, რომელიც სახელმწიფოს 230 მილიონი დაუჯდა, 290 მილიონად იქნა გაყიდული. მნიშვნელოვანი და მისასალმებელია, რომ ასეთი დიდი ინვესტიციის განხორციელება მოხდა", - განაცხადა კალაძემ.

"საპარტნიორო ფონდის" აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ ნათია თურნავამ აღნიშნა, რომ გარდაბნის თბოელექტროსადგური საპარტნიორო ფონდისთვის და სრულიად საქართველოსთვის წარმატებული პროექტია.  "სადგური სრულად აღჭურვილია და დაახლოებით, ერთ თვეში იქნება სისტემაში. ამჟამად მიმდინარეობს მისი ტესტირება. მოხარულები ვართ, რომ ჩვენი ერთი წლის დაძაბული სამუშაო წარმატებით დაგვირგვინდა. სერიოზული ინვესტიცია შემოვა და ამ სახსრებს სხვა ახალი პროექტებისთვის გამოვიყენებთ", - განაცხადა თურნავამ.